ბამბუკის საწარმო “აიბამბუმ” აქტიური გაყიდვები დაიწყო – “ჩვენმა პროდუქტმა დიდი დაინტერესება გამო

ბამბუკის საწარმო “აიბამბუმ” აქტიური გაყიდვები დაიწყო – “ჩვენმა პროდუქტმა დიდი დაინტერესება გამო

ბამბუკის საწარმო “აიბამბუმ” აქტიური გაყიდვები დაიწყო – “ჩვენმა პროდუქტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია”

ბათუმში მდებარე ბამბუკის საწარმო “აიბამბუმ” აქტიური გაყიდვები დაიწყო. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გახსნილი ბამბუკის კომპოზიტური დაფების საწარმო 2024 წლის ბოლომდე სატესტო რეჟიმში ოპერირებდა, მიმდინარე წლიდან კი რეალიზაცია ოფიციალურად დაიწყო.

“ვინაიდან პროდუქტი არის საკმაოდ ინოვაციური და მსგავსი პროდუქციის წარმოების გამოცდილება საქართველოში რეალურად არ არსებობდა, კვლევებს ვატარებდით, დაკვირვებას, ტესტირებას გავდიოდით, ამიტომ ამ პროცესს დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა. 2025 წლიდან კი, პროდუქცია რეალიზაციაში ჩავუშვით. ჯერ მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბაზრისთვის პროდუქტი ინოვაციურია, მან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია… დაინტერესდნენ მათ შორის ბამბუკის მწარმოებლებიც და მცირე საოჯახო ბიზნესებიც. აქტიური გაყიდის პროცესი ოთხი თვეა მიმდინარეობს და წარმადობასაც ეტაპობრივად ვზრდით”, – განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ, “აიბამბუს” აღმასრულებელმა დირექტორმა Bm.ge-სთან საუბრისას.

„აიბამბუ“ ბამბუკს ფერმერებისგან იბარებს და საწარმოში მას ამუშავებს როგორც სამშენებლო მასალას. კერძოდ, მისგან კომპოზიტურ დაფებს ქმნის, რომელიც შემდგომში შესაძლებელია, რომ იატაკის, ავეჯის და სხვა აქსესუარების წარმოებაში იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ ვიბარებთ მინიმუმ 10 სმ დიამეტრის მქონე ბამბუკს, რომლის ფასი 6,5 მეტრის სიგრძის ბამბუკის შემთხვევაში 6 ლარია, რაც საბაზრო ფასია”, – აღნიშნა ალექსანდრე დავითაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად საწარმოს თვიური წარმადობა დაახლოებით 10 კუბური მეტრია. 2027 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის გასამმაგება აქვთ დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე ადგილობრივ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, ჩვენი პროდუქცია რამდენიმე შოუ-რუმშია წარმოდგენილი, ასევე თავად საწარმოდანაც ხდება რეალიზაცია”, – აღნიშნა დავითაძემ და დასძინა, რომ ექსპორტზეც არის მოთხოვნა, თუმცა ჯერ წარმადობა იმდენი არ აქვთ, რომ სხვა ქვეყნებში ბამბუკის მასალის გატანაზე იფიქრონ, – “დაინტერესება არის თურქეთიდან და დანიიდან, მაგრამ ჯერ ჩვენი წარმადობა იმდენად მაღალი არ არის, რომ ექსპორტი დავაკმაყოფილოთ, ადგილობრივ ბაზარს ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ჩვენს გეგმებში ექსპორტიც შედის”, – აღნიშნა მან.

“აიბამბუს” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათი საწარმოსთვის სპეციალურად შეიქმნა დაზგა-დანადგარები, ვინაიდან ის პროდუქტი, რასაც აწარმოებენ, იშვიათია.

“მსოფლიოში სულ ხუთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი ტიპის წარმოებაა. ევროპაში და ამიერკავკასიაში პირველი საწარმო ვართ, რომელიც ამ ტიპის პროდუქტს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტის ინოვაციურობას მისი დამზადების პროცესის კომპლექსურობა განაპირობებს. იშვიათია დღეს ბაზარზე ნახოთ პროდუქცია, რომელიც ბუნებრივი მასალისგან იქნება დამზადებული და თან ნესტგამძლე და წყალმედეგი.

ჩვენს პროდუქტს იყენებენ ყველაფერ იმისთვის, რისთვისაც ამ დრომდე ლამინატი, მასიური ხე და ე.წ. ემდეეფი გამოიყენება. მისი გამოყენება შეიძლება პატარა აქსესუარების, ასევე იატაკის, ავეჯის და ნებისმიერი ზედაპირის საწარმოებლად. ჩვენ შეგვიძლია 14 სმ სისქის დაფის წარმოება. მსგავსი ტიპის ხის მასალის შექმნა ბუნებაში შეუძლებელია. იგი გამოირჩევა სიმყარით. ზოგადად, ბამბუკის ზედაპირი მუხის ზედაპირზე დაახლოებით 9-ჯერ უფრო მკვრივია, ამიტომ ტექნიკური მახასიათებლები არის ძალიან მაღალი. ის შეიძლება გამოიყენონ რთული ინდუსტრიული წარმოების პროცესშიც”, – განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ.

მისივე თქმით, ინვესტიცია, რაც საწარმოს ასამოქმედებლად ამ დრომდე ჩაიდო, 2 მლნ ლარს აჭარბებს.

“აიბამბუ” ამ ეტაპზე 9 ადამიანს ასაქმებს, მათი უმრავლესობა ქალია. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ის საქმე, რაც ბამბუკის საწარმოში არის შესასრულებელი არ არის მძიმე და სკულპულოზურობას და დაკვირვებას მოითხოვს. ამიტომაც ქალების მხრიდან დაინტერესება დიდია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *