ბაჩიაშვილის თქმით, გატაცებული “აირზენას” ბორტით ჩამოიყვანეს – რას აცხადებენ კომპანიაში?

ბაჩიაშვილის თქმით, გატაცებული “აირზენას” ბორტით ჩამოიყვანეს – რას აცხადებენ კომპანიაში?
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ის “გატაცებული ჯორჯიან ეარვეისის” ბომბარდიერის ბორტით ჩამოიყვანეს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, bm.ge ავიაკომპანია “ჯორიჯიან ეარვეისის” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რადგან ბაჩიაშვილის მონათხრობი არ ასახავს სამგზავრო მომსახურებას და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხომ არ სურთ დამატებითი კომენტარის გაკეთება, ან უარყოფა, გვითხრეს, რომ დამატებით ვერაფერს გვეტყვიან.

“კერძო ბორტს ყოველდღე ქირაობენ ადამიანები. დამატებითი ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და ვერაფერს გეტყვით, ვერც კომენტარს გავაკეთებთ.

რაც შეეხება ჩვენს სამთავრობო თვითმფრინავს, ბორტი ტექნიკური შემოწმებისთვის დიდი ხანია საზღვარგარეთაა და არ ემსახურება მგზავრებს”, – განაცხადეს “აირზენაში”.

ცნობისთვის, დღეს, ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე მოყვა:

“შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა დღეს, 29 მაისს სასამართლო პროცესზე.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი.

დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *