ბევრად მეტი შანსია, მეტეორი დამეცეს, ვიდრე ამერიკამ დამასანქციროს – ირაკლი რუხაძე

ბევრად მეტი შანსია, მეტეორი დამეცეს, ვიდრე ამერიკამ დამასანქციროს – ირაკლი რუხაძე
ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, “ვერ დაასანქცირებს”. მან დღეს, 5 ივნისს, მედიასთან თქვა, რომ ბევრად მეტი შანსია მეტეორი დაეცეს, ვიდრე აშშ-მა დაასანქციროს.

“ამერიკა ჩემ მიმართ სანქციას ვერ გამოიყენებს. ერთი მაგალითი არ არსებობს, რომ აშშ-მ თავისი მოქალაქის წინააღმდეგ სანქცია გამოიყენა. მეტეორი რომ დამეცეს ახლა თავზე ბევრად მეტი შანსია, ვიდრე ამერიკამ სანქცია გამოიყენოს. ჯერ ამერიკის კრიმინალურმა სისტემამ უნდა მიმიჩნიოს დამნაშავედ, ბევრი სხვადასხვა რამ უნდა მოხდეს. ერთხელ გამოიყენეს [აშშ-მ სანქცია] ორმაგ მოქალაქეზე, მე არც ორმაგი არა ვარ [ირაკლი რუხაძე აშშ-ის მოქალაქეა] და ის იყო ტერორისტი, რომელიც ჯერ ტერორისტად ცნეს, მერე დასდევდნენ, სასამართლო დასდევდა და მერე გამოიყენეს სანქციები. ამერიკას არ გამოუყენებია სანქცია თავისი მოქალაქის წინააღმდეგ. სიგიჟეა.

თუ დამასანქცირეს, წავალ და ვუჩივლებ სასამართლოში და მოვახსნევინებ. ამიტომ ვერ გამოიყენებენ. სანქცია არის რაღაც ისეთი, რომელზე სასამართლოში ვერ ჩივი, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაა და იმ ქვეყნის იურისდიქციაში არ მიგესვლება. ეს არის ის, რის გამოც ეფექტური გახდა სანქცია. დღეს, რომ პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე და ეგზეკუციონერი ხდება ვიღაცა ადამიანი, ბიუროკრატი, რომელიც ზის რაღაც მაგიდასთან და უცებ შეიძლება სანქცია გამოგიწეროს ისე, რომ ვთქვათ მერე რა [ბიუროკრატი ფიქრობს], მე რაში მეხება, ის მოზამბიკში ცხოვრობს, მე ამერიკაში ვცხოვრობ და წერს სანქციას. ამას მე ვერ გამიკეთებენ, იმიტომ რომ აშშ-ის მოქალაქე ვარ”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის და ბალტიის “რომელიღაც ქვეყნის” მიერ ის ისედაც უკვე სანქცირებულია და არ იცის, კიდევ ვინ შეიძლება დაასანქციროს.

“არ ვიცი, ვინ შეიძლება კიდევ დამასანქციროს. უკრაინის და ბალტიის რომელიღაც ქვეყნის მიერ ისედაც უკვე სანქცირებული ვარ და ეს ჩემს ბიზნესს არანაირად არ შეხებია და არც არ შეხებია. პოტენციურად უმარავი გზა არის, როგორ მოემზადო ამისთვის” , – თქვა რუხაძემ.

ცნობისთვის, 9 იანვარს რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა წერილი, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, სხვა 10 პირთან ერთად, იყო ირაკლი რუხაძეც.

6 მაისს, მას შემდეგ, რაც კონგრესმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა სია, თუ ვის შეეხება სანქციები აქტის ფარგლებში, მისი საბოლოო დამტკიცების შემდეგ. სიაში იყო ირაკლი რუხაძეც.

აღსანიშნავია, რომ რუხაძე სანქცირებულია უკრაინის და ბალტიის ქვეყნების მიერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *