„ბიზნესის მხრიდან მოზომილი კომენტარები პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარეობს“ – რესან ქიქავა
ბიზნესმენი რესან ქიქავა აცხადებს, რომ ბიზნესსექტორი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგას და მათი მხრიდან მოზომილი კომენტარების მიზეზი პოლიტიკური კულტურაა. მან ამის შესახებ “საქმიან დილაში” ისაუბრა.
„მე რა ენაზეც ვსაუბრობ ეს აღიქმება როგორც მტრული ენა, ამიტომ ბიზნესი როცა ასეთ პოლიტიკურ კულტურასთან გვაქვს საქმე, ერიდება საკითხის რადიკალურად დაყენებას და შერბილებულ ფორმებს ეძებს“,- აცხადებს ქიქავა და ამბობს, რომ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში, არსებულ რისკებს აანალიზებენ როგორც ბიზნესმენები, ისე მათი დასაქმებულები.
„ბიზნესზეც ხშირად მიდის საუბარი და შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ წარმომადგენლებს თუ თანამშრომლებს. ყველანი ერთად ვართ, ვისთანაც კავშირი მაქვს ყველანი ერთ მხარეს ვდგავართ, სამოქალაქო მხარეს და ჩვენი ქვეყნის მხარეს. სხვა მხარე ჩვენთვის უბრალოდ არ არსებობს და ბიზნესმა რა შეიძლება გააკეთოს, უარი თქვას საქმიანობაზე? ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გვყავს თანამშრომლები რომლებიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან და მათზე უარს ვერ ვიტყვით
მოზომილი კომენტარები ბიზნესის მხრიდან პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარეობს, მეც როცა ასე ვსაუბრობ ამ პოლიტიკურ კულტურაში არ არის მისაღები. ახლა რა ენაზეც ვსაუბრობ ეს აღიქმება როგორც მტრული ენა, ეს არ არის ოპონირების ენა, ეს არ არის სამოქალაქო ენა, ეს არის მტრული პოზიცია, ამიტომ ბიზნესი როცა ასეთ პოლიტიკურ კულტურასთან გვაქვს საქმე, ერიდება საკითხის რადიკალურად დაყენებას და შერბილებულ ფორმებს ეძებს. მეც მაქსიმალურად ვარბილებ, უბრალოდ ჩემი უფრო ისმის რადიკალურად, თორე ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს ჩემს ქვეყანაში გარდა იმისა, რომ დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი და გახდეს იზოლირებული რუსეთის კრონი სახელმწიფო? ამაზე უნდა ვთქვა, რომ გავაგრძელებ ბიზნესს, გადავიხდი გადასახადებს და მივიღებ ამ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობას? მე ამას ვერ გავაკეთებ.
თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიკისთვის, ეს აისახება თითოეულ ადამიანზე, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ რაღაც, თუმცა ეს ფრაზაც არ არის მარტივი სათქმელი. ისე გამოდის, დროის მოგების რეჟიმში ვართ, იქნებ რაღაცა ისე მოხდეს, რომ გაგვიმართლოს. გარეთ რაღაცები ისე დალაგდეს, რომ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ გავხდეთ ისევ საინტერესო და იმ ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა მათ შორის ჩვენს ქვეყანაზეც, იმიტომ რომ მარტო ჩვენი ბრძოლა რუსეთთან რთულია.
მშვიდობას იცავს ის ადამიანი ვინც რუსთაველზეა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა მშვიდობა, იმიტომ რომ რუსული ჩექმა თუ დადგება და საბოლოოდ ყველას ეცოდინება მათ შორის ქართულ ჯარსაც რომ რუსული ქვეყანა მივიღეთ, აი მერე მივიღებთ ისეთ პროცესებს, რომელიც მართლა ტრაგიკულად დასრულდება ყველა ოჯახისთვის საქართველოში“, – განაცხადა ქიქავამ.