გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 2025 წლის 24 აპრილს ოდინცოვოს რაიონში მოხდა. ხუბუტიასა და ქალს შორის პირადი დაპირისპირების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ბიზნესმენმა დაზარალებულს ცულის ტარის დარტყმით ხელის დახურული მოტეხილობა, სხეულზე ჭრილობები და დაზიანებები მიაყენა. ინციდენტის შემდეგ ხუბუტია გამომძიებელს თავად ჩაბარდა, დანაშაული წერილობით აღიარა და სინანული გამოხატა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. საქმეში დამატებით ინტეგრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე.
ფაქტიდან მეორე დღეს, ანუ 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც ოდინცოვოს რაიონში 30 წლის ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. იულია ვანგის განცხადებით, ის 2018-2024 წლებში ხუბუტიასთან ურთიერთობაში იმყოფებოდა და ბიზნესმენი მას ხშირად ემუქრებოდა.
თავის მხრივ, ხუბუტიამ რუსულ გამოცემა Известия-სთან საუბარში, წაყენებული ბრალდებები “სისულელეებად” მოიხსენია და განაცხადა, რომ “მოსკოვში იმ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა”.