ბლის მოყვანისთვის საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია ხელსაყრელია – ასოციაცია

ბლის მოყვანისთვის საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია ხელსაყრელია – ასოციაცია
ბლის მოყვანისთვის საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია არის ხელსაყრელი, – ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანია „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებელმა და ბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა დავით ჭუბაბრიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოტენციალი ბლის წარმოებასთან დაკავშირებით ასათვისებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის კლიმატი და მიწა თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე იდეალურია ბლის მოყვანისთვის.

„დასავლეთ საქართველო მიწის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ბლისთვის იდეალურია. ასოციაციის ფარგლებში, ჩვენ დასავლეთ საქართველოში საექსპერიმენტო ბაღის გაშენებაში ვეხმარებით ფერმერებს. ასევე, სათბურებში დავიწყეთ ექსპერიმენტები, მაგალითად წყალტუბოში და საკმაოდ კარგი შედეგები ჩანს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ბალი ფაქტობრივად, ლურჯი მოცვის ეკვივალენტი იქნება, თუ დარგი სწორად განვითარდა. მაგალითად, ლურჯი მოცვისთვის თუ აღმოსავლეთ საქართველო იდეალური არ არის მიწიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ბლისთვის იდეალურია“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხანგრძლივი სეზონიც. როგორც დავით ჭუბაბრია ამბობს, საქართველოში შესაძლებელია ბლის სეზონი 1 მაისიდან 1 აგვისტომდე იყოს, ხოლო შენახვის ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, ადგილობრივი ბლის რეალიზაცია შესაძლებელია ოქტომბრამდეც გაგრძელდეს.

„ჩვენ, გასულ წელს, ბლის რეალიზაციას 1 ოქტომბერს მოვრჩით შესაბამისი ტექნოლოგიების წყალობით. ეს ნიშნავს, რომ სწორი განვითარების შემთხვევაში, 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე შეიძლება ბალი საქართველოში შიდა ბაზარზეც იყოს სისტემატურად წარმოდგენილი და ექსპორტზეც გავიდეთ“, – აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც ბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, საქართველოში ბლის წარმოებით დაინტერესება არის, თუმცა მისი თქმით, მაინც თავშეკავებულობას იჩენენ.

„ბოლო სამი წელია თვეში 2-3 ადამიანს ვესაუბრები ხოლმე და ვუხსნი ბალის წარმოების თავისებურებებს. ინტერესს ვხედავ, მაგრამ როგორც წესი, ისინი უფრო თავშეკავებულები არიან და ამბობენ: “მოდით, ვნახოთ რას იზამს და იმის მიხედვით…” სამწუხაროდ, წლევანდელი წელი ამისთვის ლოკომოტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა [ყინვის გამო].

თუმცა წყალტუბოში სათბურების ვარიანტზე უკვე რამდენიმე ფერმერი დაინტერესდა, მივაწოდეთ კიდეც ნერგები და აგრომხარდაჭერასაც ვთავაზობთ. ნელ-ნელა საკუთარი თვალით დაინახავენ თუ რა განსხვავებაა თანამედროვე ჯიშებს და მოძველებულ ჯიშებს შორის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბლის წარმოების დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია, – „სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის გაშენების, იაფი აგროკრედიტის მიმართულებით, რაც მუშა ინსტრუმენტია, ნერგებში დაფინანსებაც კარგია. იაფი აგროკრედიტის გარეშე კი, მე პირადად შეიძლება ვერ გამერისკა ბაღის გაშენება. ასევე, არის სხვა თანადაფინანსებები, რაც სასარგებლოა. ბალს რომ შესაბამისი ყურადღება დაეთმოს, არამხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ ფერმერებისგან, მეტ შედეგს მოიტანს“, – დასძინა დავით ჭუბაბრიამ.

ცნობისთვის, გასულ წელს, საქართველოში 6000 ტონა ბალი და ალუბალი იწარმოვა. წარმოების ბოლო წლების ტენდენცია შემდეგნაირია (წყარო: საქსტატი):

წელი 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024*

ბალი, ალუბალი

(ათასი ტონა)

5.6 5.4 2.5 3.7 2.1 4.4 3 5.4 6.9 7.1 5.8 6

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *