„ბოლო სამმა წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მდგრადია“ – იუჯინ ჟუკოვი

„ბოლო სამმა წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მდგრადია“ – იუჯინ ჟუკოვი
„ვფიქრობ, ბოლო სამმა წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მდგრადია“ – ამის შესახებ BMG-ის ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე მილანში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა განუცხადა.

ჟუკოვის შეფასებით, საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამორჩეული ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

„როცა გეოპოლიტიკა დაიძაბა, ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდებოდა. ჩვენი პროგნოზები მაშინ უარყოფითი იყო. ვვარაუდობდით, რომ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკები შემცირდებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა:

რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის, საქართველომ – ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და უზბეკეთთან ერთად – საკმაოდ მაღალი ეკონომიკური სარგებელი ნახეს.

მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის შემდეგ კი გაჩნდა კითხვა – რამდენად მდგრადი იქნება ეს ზრდა?

ვფიქრობ, ბოლო სამმა წელმა გვაჩვენა, რომ ზრდა საკმაოდ მდგრადია“ – უთხრა იუჯინ ჟუკოვმა BMG-ის. ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგები დადებით დინამიკას ინარჩუნებენ, მზარდია ტურიზმიც, თუმცა, საქართველო იმ პერიოდისთვის უკვე უნდა მოემზადოს, როცა რეგიონში სიტუაცია დასტაბილურდება და ის ფაქტორები, რომლებმაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვიეს, შესუსტდება.

„წელს საქართველოსთვის 6%–იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობთ, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ ეკონომიკური ზრდა პირველ ნახევარში უკვე 9%–თან ახლოს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, შესაძლოა, ჩვენც გადავხედოთ ჩვენს პროგნოზს ზრდის მიმართულებით,“ – უთხრა BMG-ის იუჯინ ჟუკოვმა.

BMG მილანში ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 7 მაისს დასრულდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *