ბოლო 2 თვეში აფლატოქსინი მხოლოდ “სოფლის ნობათში” დაფიქსირდა – სურსათის სააგენტო

ბოლო 2 თვეში აფლატოქსინი მხოლოდ “სოფლის ნობათში” დაფიქსირდა – სურსათის სააგენტო

რძეში აფლატოქსინის კვლევის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 100 ნიმუშის გამოკვლევას გეგმავს, – ამის შესახებ BM.GE-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

ე.წ. „რძის სკანდალიდან“ 2 თვის შემდეგ, BM.GE დაინტერესდა, დადგინდა თუ არა დამატებითი დარღვევები ან გამოიკვეთა თუ არა სხვა შემთხვევები აღნიშნული ტოქსინის შემცველობაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აპრილიდან დღემდე რძის 23 ნიმუში გამოიკვლიეს, თუმცა აფლატოქსინის შემცველობა არცერთ მათგანში არ გადააჭარბა ნორმებს.

“სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორების მიერ ხდება ნიმუშების აღება და კვლევა. აპრილიდან (სოფლის ნობათის) ქეისის შემდეგ 23 ნიმუშია გამოკვლეული. აფლატოქსინის ნორმა ყველა შემთხვევაში შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს”, – განაცხადა უწყებამ.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 მარტს ლაბორატორიულად გამოკვლეულ რძის ხუთ ნიმუშში, რომლებიც ქსელ „სოფლის ნობათიდან“ იყო ამოღებული, აფლატოქსინ M1-ის დასაშვებზე მაღალი შემცველობა დადგინდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *