ბრიტანეთი კლიმატის ცვლილების გავლენის გაუარესებისთვის მზად არ არის –  CCC

ბრიტანეთი კლიმატის ცვლილების გავლენის გაუარესებისთვის მზად არ არის –  CCC
ბრიტანეთი მოუმზადებელია კლიმატის ცვლილების გაუარესებით გამოწვეული ისეთი მოვლენებისთვის, როგორებიცაა წყალდიდობა და ექსტრემალური სიცხე – ამის შესახებ ქვეყნის დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო აცხადებს.

როგორც “კლიმატის ცვლილების კომიტეტის” (CCC) თავმჯდომარე ჯულია კინგი აცხადებს, ბრიტანეთი ბოლო წლებში ბუნებრივი სტიქიების გახშირების მომსწრე გახდა, თუმცა კლიმატის ცვლილების შედეგებისთვის მზად არ აღმოჩნდა: გასულ წლებში დაზიანდა უამრავი შენობა-ნაგებობა და სხვა ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა ქვეყანა არა თუ მზად არ არის, ზოგი მიმართულებით გაუმჯობესების გეგმა საერთოდ არ არსებობს.

კომიტეტის ანგარიშის საპასუხოდ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობა კლიმატის ცვლილების შედეგებისთვის მოსამზადებლად მტკიცე ზომებისთვის ემზადება.

“რეკორდული, 2.65 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას ჩავდებთ წყალდიდობისგან დამცავი სისტემების შეკეთებისა და აშენებისთვის, ათობით ათასი სახლის დასაცავად და ბიზნესებისა და ადგილობრივი დასახლებების დასახმარებლად”, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

CCC-ს ადაპტირების კომიტეტი ქვეყნის კლიმატის ანგარიშს ყოველ ორ წელიწადში განიხილავს და პარლამენტს შეფასებას წარუდგენს. 30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობის გამო ზღვის დონის ზრდა უფრო მეტ, 8 მილიონ სახლს აყენებს დატბორვის რისკის ქვეშ. ბოლო შეფასებით ეს რიცხვი 6.3 მილიონი იყო. ანგარიშის თანახმად, 2050 წლამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 ათასს გადააჭარბებს, ნაცვლად 2022 წლის ანგარიშით განსაზღვრული 3 ათასისა. შეფასების რეპორტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მიწათმოქმედებისთვის საუკეთესო მიწაც დატბორტვის რისკის ქვეშაა.

კომიტეტმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდების გაუმჯობესების რეკომენდაცია გასცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *