ბრიუს სპრინგსტინი შვიდ ახალ ალბომს გამოაქვეყნებს

ბრიუს სპრინგსტინი შვიდ ახალ ალბომს გამოაქვეყნებს
ამერიკელი მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი ივნისში შვიდ „დაკარგულ“ ალბომს გამოაქვეყნებს, რომლებშიც 83 სიმღერა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 74 ოფიციალურად არასდროს გამოსულა.

ალბომების სერია, სახელწოდებით Tracks II: The Lost Albums, 1983-დან 2018 წლამდე პერიოდს და ისეთ ჩანაწერებს მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი დასრულებული იყო, მაგრამ არასდროს გამოქვეყნებულა.

შვიდეულის ერთ-ერთი ალბომი, სახელწოდებით “ლოს-ანჯელესის გარაჟის სესიები 83” წარმოაჩენს იმ მუსიკალურ გზას, რომელიც მუსიკოსმა “ნებრასკას” მინიმალისტური საუნდიდან Born in the USA-ის ენერგიულ რიტმებამდე განვლო. ალბომში, სახელწოდებით “ფილადელფიის ქუჩის სესიები” კი წარმოდგენილია ექსპერიმენტები, რომელთა დროს სპრინგსტინი მუსიკას დრამ-ლუპებით და სინთეზატორებით წერდა, ჰიპ-ჰოპის გავლენის ფონზე.

ახალ პროექტზე მუშაობა სპრინგსტინმა პანდემიის დროს დაიწყო. მისი თქმით, ალბომები აერთიანებს იმ კომპოზიციებს, რომელსაც ის წლების განმავლობაში თავად უსმენდა და მხოლოდ ახლო გარემოცვის წევრებს ასმენინებდა. ფიზიკური გამოცემა 100-გვერდიან წიგნსაც მოიცავს, რომელიც იშვიათ ფოტომასალას და ჩანაწერების ისტორიას აერთიანებს. გარდა ამისა, შვიდივე ალბომიდან 20 სიმღერისგან შემდგარი კრებულიც გამოვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბრიუს სპრინგსტინი მილიარდერი გახდა. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მუსიკოსის ქონების შეფასება $1.2 მილიარდია. ამ თანხის დიდი ნაწილი იმ გარიგებაზე მოდის, რომელიც მუსიკოსმა Sony-ისთან დადო, როცა კომპანიას საკუთარი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი $500 მილიონად მიჰყიდა. 75 წლის სპრინგსტინი 20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელიცაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *