“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი, რესან ქიქავა მიიჩნევს, რომ IMF-თან ახალი პროგრამის შესათანხმებლად ბურთი საქართველოს მოედანზეა და სრულიად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ეს პროცესი. ამის შესახებ რესან ქიქავამ “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.
“ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩვენზეა დამოკიდებული ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გვაქვს მოცემული, შევასრულებთ, თუ რა გზით მივდივართ საერთოდ. ჩანს, საითაც მივდივართ, უბრალოდ, რამდენად შევეგუებით ამ ყველაფერს, სხვა საკითხია. “ქართულმა ოცნებამ” თვითონ უკეთ იცის ალბათ, უნდათ თუ არა IMF-თან ურთიერთობა, ჩვენთვის ყველა ასეთი ტიპის პროგრამა უმნიშვნელოვანესია.
თუ გვინდა განვითარების იმ ხარისხს მივაღწიოთ, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის, მაშინ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. ეს კარი ჩვენ დავხურეთ და ჩავრაზეთ და ახლა ბურთი ჩვენს მხარეზეა. დანარჩენი დამოკიდებულია პასუხისმგებელ პირებზე”, – განაცხადა რესან ქიქავამ.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა საქართველოს ინვესტორებისთვის სანდო რეპუტაციის შენარჩუნებისთვის სჭირდება და “ქართული ოცნების” მიზანიც უნდა იყოს, რომ IMF-თან თანამშრომლობა შეინარჩუნოს.
ცნობისთვის, “ოცნების” ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, IMF-ის მისიისთვის, რომელიც საქართველოს მაისის ბოლოს ეწვევა, ახალი პროგრამის მოთხოვნა ხელისუფლების თვითმიზანი არ არის და “თუ პროგრამა არ დაგვჭირდა”, შეიძლება, მისი აღდგენა წელს არც მოვითხოვოთ.
“მთავარი, რაც არის ასეთი ტიპის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისას, არის ის რეპუტაცია, რომელიც გექმნება და ხარისხი, რომელიც შენს ფინანსურ სისტემას აქვს. ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა, რომ, რეპუტაციულად, ეს უცხოელი ინვესტორებისთვისაა მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში, ნაკლები პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, შეიძლება და ხელსაყრელია ინვესტირება. რა თქმა უნდა, ასეთ ინსტიტუტებთან ამ რეჟიმში საუბარი ზოგადად მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარალელური იმ პროცესისა, რომელსაც ევროკავშირთან მიმართებით ვხედავთ და ამ კუთხითაც კონფრონტაციულია რეჟიმი.
დახმარებაც კი არა, თანამშრომლობა დიდ ინსტიტუტებთან უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რადგან არ გვაქვს ბევრი ალტერნატივა. შეიძლება ყველაფერს აქვს თავისი მინუსი და ჩვენი პოზიციების დაცვა ყველა შემთხვევაში გვიწევდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეყოს გონიერება გამოვარჩიოთ, სად არის უფრო ხელსაყრელი პირობები ჩვენთვის და, ასეთ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა რომ ხელსაყრელია ყველა მიმართულებით, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია”, – განაცხადა რესან ქიქავამ.
“ექსპო ჯორჯიას” დირექტორმა აღნიშნა, რომ ამჟამად “ქართული ოცნების” პოლიტიკა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან შეუთავსებელია: “ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კომპეტენცია, დაინახოს ზუსტი საჭიროება და გამოწვევა, რომელიც საქართველოს აქვს. სხვა საკითხია, რამდენად ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მივყვეთ მათ სამოქმედო გეგმას… ალბათ საბოლოო ჯამში არც ეს თანამშრომლობა შედგება”,- ამბობს რესან ქიქავა.
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა.