გამიკვირდა, რომ აშშ-მა ქართველების დეპორტაციისთვის თვითმფრინავი გამოყო – იურისტი ეკა ეგუტია

გამიკვირდა, რომ აშშ-მა ქართველების დეპორტაციისთვის თვითმფრინავი გამოყო – იურისტი ეკა ეგუტია
ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებელს, იურისტ ეკატერინე ეგუტიას უკვირს, რომ აშშ-მა საქართველოს მოქალაქეების ჯგუფური დეპორტაციისთვის თვითმფრინავი გამოყო.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, EK LAW OFFICE-ის არცერთი საიმიგრაციო კლიენტი დეპორტირებულებს შორის არ იყო.

საქმე ის არის, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებული ვიდეო-რელიზიდან გახდა ცნობილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.

BMG-ისთვის უცნობია, ჯამში, რამდენი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ჩვენ ამ კითხვის შს სამინისტროს მივმართეთ.

EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებლის აზრით, დეპორტირებული მოქალაქეები, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში, მექსიკა-ამერიკის საზღვრიდან შესული ქართველები არიან, ვისზეც ტრამპის გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად დაჩქარებული წესით დეპორტი ვრცელდება.

„თქვენგან შევიტყვე, რომ აშშ-დან საქართველოში გამოაძევეს რამდენიმე ათეული პირი. ემიგრანტების თვითმფრინავით გამოძევება სამშობლოში ძალიან ძვირი ჯდება. ძირითადად, ეს ხდება ლათინურ ამერიკაში, რომელიც ახლოს არის და მექსიკაში, სალვადორში, გვატემალაში ჯგუფურად აბრუნებენ მოქალაქეებს დეპორტის გზით. ცოტა გამიკვირდა, რომ თვითმფრინავი გამოჰყვეს და საქართველოდან არალეგალურად ჩასული მოქალაქეები ჯგუფურად გამოამგზავრეს. არ მახსენდება მსგავსი ფაქტი, რომ საქართველოს ან აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეები ასე ჯგუფურად გამოეძევებინოთ აშშ-დან, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ავიარეისით“, – თქვა ეკატერინე ეგუტიამ და იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ.

ამასთან, მისი თქმით, „ვიზით, კანადიდან ან სხვა ლეგიტიმური გზით შემოსულ პირებს [დაჩქარებული დეპორტი] არ ეხებათ.

„ტრამპმა დაჩქარებული დეპორტის მექანიზმები შეცვალა – არალეგალური გზით [მექსიკიდან] ჩასულ ემიგრანტებს არ ათავისუფლებენ თავდებობით ან გირაოთი საპატიმროებიდან ანუ ეგრევე საპატიმროში უშვებენ და გათავისუფლების შანსი ძალიან დაბალია, მათ შორის ისეთი პირების, რომელთა საქმე სასამართლოში იხილება.; ისინი ციხეში ელოდებიან თავის სასამართლო პროცესს, რომელიც ონლაინ ტარდება და იურისტებს ძალიან გვიჭირს ასეთი პატიმრების საქმეების აღება, რადგან შორიდან გვიწევს მათი მომზადება სასამართლოს წინაშე წარდგომისთვის, ასევე, მტკიცებულებების შეგროვებაა საჭირო და ა.შ. მოკლედ, ძალიან რთული პროცესია, თუმცა გვქონია მექსიკიდან შემოსული მოქალაქეების საქმეები და მოგვიგია კიდეც – შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ საქართველოში დეპორტით ამ პირებს საფრთხე ელოდათ“, – განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.

EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებელი მოქალაქეებს ურჩევს, არ შევიდნენ აშშ-ში არალეგალურად, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ დაჩქარებული წესით გამოუშვებენ სამშობლოში.

„წერტილთან“ ინტერვიუში ეკატერინე ეგუტიამ ვრცლად ისაუბრა იმ პროცედურებზე, რისი გავლაც უწევთ ემიგრანტებს აშშ-ში ცხოვრებისთვის სტატუსის მისაღებად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *