მოძრაობის შეფასებით, “ქართული ოცნების” არგუმენტი თითქოს არ გააჩნიათ არანაირი ბერკეტი, რათა აღკვეთონ მსგავსი უკანონობა, ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა.
მოძრაობის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიტანეს საპროტესტო ბანერი წარწერით: “განგრძობად ანექსია არ შევეგუებით! აფხაზეთი საქართველოა”.
“დევნილების გზავნილი საქართველოს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს. რუსული ავიაკომპანიების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა. მაშინ როცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმავე ოკუპანტი ქვეყნის თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ, “ქართული ოცნების” არგუმენტი თითქოს მათ არ გააჩნიათ არანაირი ბერკეტი, რათა აღკვეთონ მსგავსი უკანონობა არის მტკნარი სიცრუე და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება”,- აცხადებენ მოძრაობაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა 1 მაისს შესრულდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.