გაეროს დათვლებით, ამჟამინდელი ტემპით, 2040 წლამდე ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის რაოდენობა გასამმაგდება და წლიურად 37 მილიონ ტონას მიაღწევს. განსაკუთრებით საგანგაშოა მიკროპლასტმასით დაბინძურების მასშტაბებიც, რომლებიც ოკეანეებთან ერთად ჰაერსა და ნიადაგშიც გვხვდება და როგორც მცენარეებსა და ცხოველებს, ასევე ადამიანებსაც ვნებს.
როგორც გაეროს “სუფთა ოკეანის ინიციატივის” კონფერენციაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკების მიერ გაცემული ინვესტიცია შესაძლოა გაიზარდოს, თუ პროექტს მეტი პარტნიორი შეუერთდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის ინიციატივით, ამავე მიზეზით 2018-2025 წლებში უკვე გამოიყო €4 მილიარდის ინვესტიცია.
პროექტები, რომლებიც გაცემული ინვესტიციით განხორციელდება, ნარჩენების მართვაზე იქნება კონცენტრირებული და შრი-ლანკას, ტოგოსა და ბენინს ამ მიმართულების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მოგვიანებით კი პროექტის ფოკუსი შესაფუთი მასალების სექტორზე გადაერთვება.
ბანკთა ჯგუფის ინიციატივა ახალი ტექნოლოგიების, შესაფუთი მასალების ახალი ტიპებისა და პროდუქტების განვითარებაში რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს, რასაც იაფი დაფინანსებისა და გრანტების გაცემის სახით შეძლებს.
ჯგუფი ახლო კონტაქტს შეინარჩუნებს სხვა რეგიონის, მათ შორის აზიისა და ლათინური ამერიკის განვითარების ბანკებთანაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს რეგიონები ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების წყაროებში ლიდერობენ. აზიის განვითარების ბანკი პროექტის მეორე ფაზას უკვე შეუერთდა, მსოფლიო ბანკთან და ინტერამერიკულ განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.