მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფერენც ლისტის სახელობის ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ შალაი ბობროვნიცკიმ გააცილა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, ხელი მოეწერა არაერთ მემორანდუმს როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე.
„საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. მთავრობა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმებს ოთხი მიმართულებით, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობაზე. რეალურად, განსახილველი საკითხები მოიცავდა ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და ამისთვის მადლობა პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის ხელისუფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორმხრივი კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრესრელიზის თანახმად, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კარმელიტეს სასახლეში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურს უმასპინძლეს უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერმა.