გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები მხარეებთან უნდა იყოს განხილული – ვინ ითხოვს პროცესში ჩართვას?
გარემოს ზეგავლენის შეფასებისა და სკრინინგის პროცედურები შესაძლოა გამარტივდეს – კანონპროექტის მიხედვით იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთაც კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად გარემოზე ზედავლენის შეფასების დოკუმენტის ან სკრინინგის გავლის ვალდებულება აქვს იცვლება. დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები, გზშ-ს პროცედურას გაამარტივებს და სკრინინგის პროცედურაზე წარსადგენი განცხადებების რაოდენობას შეამცირებს.
კანონპროექტის ჩართულ მხარეებთან განხილვის საჭიროებაზე მიუთითებს, საკონსულტაციო კომპანია Green Step-ის დირექტორი ქრისტინე კოროშინაძე და აღნიშნავს, რომ დოკუმენტის მოცულობის გათვალისწინებით მისი განხილვა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად უნდა მოხდეს. ქრისტინე კოროშინაძე ბიზნესისთვის პროცესების გამარტივებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ძალიან დიდი ლიბერალიზაციის მომხრე არ არის და პროცესებში ოქროს შუალედი უნდა იყოს გამონახული.
“ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ზუსტად რა მიმართულებით დამტკიცდება ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა მულტიდისციპლინარული განხილვების. თუნდაც სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, მათ შორის საუკეთესო იქნება თუ პროცესში მოხდება გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანიების ჩართვა განხილვების ნაწილში, რადგან ვფიქრობ, ასეთ ფორმატში საინტერესოა განვიხილოთ რამდენად დაეხმარება კოდექსში ცვლილებები ბიზნესს.
გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანიები იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენ ვართ ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც საბოლოო ჯამში ბიზნესს ეხმარება და დოკუმენტებზე მუშაობს, რომელიც თანხმდება სააგენტოსთან. ჩვენ თუ არ გვეცოდინება მეტი დეტალი სიღრმისეულად, რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ჩანაწერი, რატომ შევიდა ეს ცვლილება, რა მიზნით, ეს დეტალები თუ არ გვეცოდინება, ეს დოკუმენტის ხარისხზეც აისახება.
ჩვენ როგორც საკონსულტაციო კომპანია რეგულაციების გამარტივებას ბიზნესისთვის,რაც უფრო საინტერესოს გახდის ინვესტორისთვის საქართველოს ბაზარს ამას მივესალმებით, თუმცა ძალიან დიდი ლიბერალიზაციის მომხრე არ ვართ და ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ გვაქვს ბუნებასთან საქმე და ზოგადად იმ გარემოსთან რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. შესაბამისად, უნდა იყოს ეს იმ საზღვრებში მოქცეული რომ დავიცვათ გარემო და ხელი შევუწყოთ ბიზნესს რომ განავითაროს თავისი საქმიანობა გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გზით”, – განაცხადა Green Step-ის დირექტორმა.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე გვიხსნის, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ მიიღო ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ნაწილი იყო, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებები მისი შეფასებით, პროცესებს ავნებს. ნინო ჩხობაძის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაცია დადგენილი ზღვრების სრულად გაუქმებას ითვალისწინებდა რაც არსებულ გადაწყვეტილებასთან სრულ წინააღმდეგობაშია. მისი თქმით, პროცესში არასამთავრობო სექტორიც უნდა იყოს ჩართული.
“ზღვრები იწევა ზემოთ, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ევროდირექტივებთან შესაბამისობაზე ჩვენი კანონისა მეორე კატეგორიასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა საუბარი რომ ზოგ შემთხვევაში ზღვარი საერთოდ უნდა მოხსნილიყო.
სამინისტროს ვეთანხმები იმაში რომ სკრინინგის პროცედურა დახვეწას და ეს კარგია, რომ გარკვეული დახვეწისკენ მიჰყავთ, მაგრამ რამდენად გამართლებულია ამ ეტაპზე საჯარო განხილვების გარეშე ამ ცვლილებების მიღება სიმართლე გითხრათ ცოტა ეჭვი მეპარება” – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე საკომიტეტო განხილვებზე პროექტის წარდგენისას უკმაყოფილებას არ მალავდა. მისი თქმით, გარემოზე ზეგავლენის შეფასებას და სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის კორექტირება კონკრეტულ შემთხვევებში მიზანშეწონილი არ არის და დასაბუთება აკლია. ბითაძე ყველა ცვლილებას, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებს ამცირებს მიესალმება თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესი გარემოზე გავლენის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.