ყოველწლიური გასტრო ფესტივალი “კიკეთი ფესტი” ბერლინში გაიმართება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ Workshop Fest-ის ორგანიზატორმა, რეზი პეტრიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ფესტივალი ბერლინში წელს, 6 ივლისს გაიმართება და გააერთიანებს როგორც ქართულ ღვინოს, ამასთან ქართულ გასტრონომიას.
““კიკეთი ფესტი”, რომელიც ღვინისა და გასტრო ფესტივალია, ზაფხულობით კიკეთში ვაწყობთ ხოლმე. თუმცა, წელს გადავწყვიტეთ, რომ ქართული ღვინისა და გასტრო ფესტივალი ქვეყნიდან გავიტანოთ და პირველად გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 6 ივლისს ჩავატაროთ.
ფესტივალზე წარმოდგენილი ბრენდების გარკვეული ნაწილი ადგილზევეა წარმოდგენილი, მაგალითად როგორიცაა 8000 მოსავალი, რომელიც ასევე ჩვენი პარტნიორია და ამ პროექტს მათთან ერთად ვაკეთებთ. ამას გარდა, იქ არსებული ქართული ორგანიზაციებიც გვიერთდებიან. გასტრონომიული მიმართულება Pop up kitchen-ის (დროებით განთავსებული სამზარეულო ჯიხურები) სახით იქნება ობიექტები განთავსებული, სადაც ქართული სამზარეულოც იქნება წარმოდგენილი“ , – აცხადებს რეზი პეტრიაშვილი.
ინფორმაციისთვის, kiketi fest ყოველწლიური გასტრონომიული ფესტივალია, რომელიც კიკეთში იმართება. ფესტივალის მსვლელობისას მომხმარებელს შეუძლია მოისმინოს გემოვნებიანი მუსიკა, დააგემოვნოს ქართული ნატურალური ღვინოები და სხვა საინტერესო ალკოჰოლური სასმელები.