გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს 920 მოქალაქეს მიენიჭა

გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს 920 მოქალაქეს მიენიჭა
სტატისტიკის ფედერალური ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულ რაოდენობას, 920 ადამიანს მიენიჭა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქე 325 მამაკაცს და 600 ქალს მიენიჭა. ასაკობრივი განაწილებით ყველაზე მეტი – 240 ადამიანი 30-დან 35 წლამდეა, 135 ადამიანი კი 18 წელს მიუღწეველი იყო.

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისი ნატურალიზაციის სტატისტიკას 2018-2024 წლების დათარიღებით აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს რეკორდული რაოდენობის მოქალაქეს მიენიჭა. კერძოდ, წლიურად ნატურალიზაცია 183%-ით გაიზარდა, 6-წლიანი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • 2024 – 920
  • 2023 – 325
  • 2022 – 365
  • 2021 – 415
  • 2020 – 390
  • 2019 – 440
  • 2018 – 410

ცნობისთვის, გერმანიამ გასულ წელს მოქალაქეობა 291 995 ადამიანს მიანიჭა, რაც წლიურად 46%-ით გაზრდილი, 2000 წელს სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან კი რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წინა მოქალაქეობის მიხედვით სირიის მოქალაქეთა ჯგუფი ლიდერობდა.

სტატისტიკის ოფისის განმარტებით, ნატურალიზაციის შემთხვევების ზრდას მოქალაქეობის კანონში 2024 წლის 27 ივნისს შესულმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი. ახალი კანონის თანახმად, ნატურალიზაცია ახლა შესაძლებელია ხუთი წლის შემდეგ, ნაცვლად რვა წლისა.

ნატურალიზებული პირების მეოთხედზე მეტს (83 150/28%) სირიის მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მნიშვნელოვანი სხვაობით მოსდევდნენ თურქეთის (22 525/8%), ერაყის (13 545/5%), რუსეთის (12 980/4%) და ავღანეთის (10 085/3%) მოქალაქეობის მქონე პირები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *