ხის სათამაშოების სოციალური საწარმო “კოდალას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2024 წელს ევროპის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტი შემცირდა. ამის შესახებ კოტე სვანიძემ BMGDrive-ის ეთერში გასული წლის შეჯამებისას განაცხადა.
“რომ შევადაროთ წინა წლების მაჩვენებლებს, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები, შუა აღმოსავლეთის და უკრაინის ომები, მთლიანად ევროპის ბაზარზე აისახა და იქ არა მარტო იმპორტი შემცირდა, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც შეექმნა პრობლემები. ეს ჩვენზეც აისახა რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზე გაყიდვები 35-40%-ით შემცირდა”, – აღნიშნა კოტე სვანიძემ.
მისი თქმით, “კოდალა” წელს, ევროპის ბაზარზე გაყიდვების შემცირების ფონზე, აზიაში გასასვლელად ემზადება და ამისთვის პირველ ნაბიჯებს მომდევნო თვიდან გადადგამს.
“მოგეხსენებათ, ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება და ჩვენ ამ პრინციპით, 1 ივნისს მივდივართ გამოფენებზე აზიის ქვეყნებში, სადაც ვფიქრობთ, რომ პოტენციური მომხარებლის მოძიება იქნება შესაძლებელი. მომზადებულია უკვე B2B ფორმატი, საგამოფენო სივრცე და პავილიონები. ვფიქრობთ, რომ არა მარტო პროდუქტის, სერვისის ექსპორტიც გავაკეთოთ”, – ამბობს “კოდალას” დამფუძნებელი.
2024 წლის შეჯამებისას “კოდალას” დამფუძნებელმა საწარმოს ახალ წამოწყებაზე ისაუბრა, რომელიც ბავშვებს ბაკურიანში შრომით ბანაკში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
“ყოველთვის ბავშვებზე გვეფიქრება. ვცდილობთ, რომ პროდუქტი იყოს ისეთი, რაც ემოციებთან ერთად, კარგ მოგონებებსაც შეუქმნით. ეს გადავიტანეთ ჩვენს სერვისში, სახელოსნოში ბავშვები თავიანთი ხელით ქმნიან სათამაშოებს, რაც უნიკალური მიდგომა აღმოჩნდა. 2021 წელს დავიწყეთ შრომითი გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასები გვქონდა ჩვენს საწარმოში, რამაც მოგვცა დამატებითი ინსპირაცია, შეგვექმნა შრომითი 10-დღიანი ბანაკი, სადაც თან დაისვენებენ ჩვენი შვილები, თან ახალ პროფესიას დაეუფლებიან და თან დააფასებენ შრომას.
წელს უკვე მეორე მიღებას ვაცხადებთ, პირველი ნაკადი კი ივლისშია დაგეგმილი. შეიძლება ითქვას, რომ ბანაკი უკვე უყვართ “კოდალას” მომხმარებლებს, შარშანდელი ნაკადებიდან 10-15 ბავშვი თავიდან დარეგისტრირდა. გამოწვევა იყო ის, რომ შეგვეთავაზებინა ბავშვებისთვის სრულიად ახალი სივრცე, ახალი რეალობა, სადაც თავიანთი თავის აღმოსაჩენად ჰარმონიულ გარემოში იქნებოდნენ”, – განმარტა “კოდალას” დამფუძნებელმა.
სოციალური საწარმო “კოდალა” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. საწარმო 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ავეჯს ამზადებს, რომლის ფასი 5 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიამ ევროპულ Amazon-ზე სათამაშოების გაყიდვა 2022 წლიდან დაიწყო.