„გაყიდვები ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება… ფასებს ვინარჩუნებთ“ – „ჰერბიას“ დამფუძნებელი

„გაყიდვები ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება… ფასებს ვინარჩუნებთ“ – „ჰერბიას“ დამფუძნებელი

მწვანილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰერბიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, კომპანია პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას ახერხებს. ამის შესახებ ზურაბ ჯანელიძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში „ჰერბიამ“ ბოსტნეულსა და მწვანილზე ფასები მხოლოდ ერთხელ გაზარდა. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, როგორ ახერხებენ არსებული ფასების შენარჩუნებას და აღნიშნავს, რომ სრული საწარმოო ჯაჭვის ერთდროული განვითარებით, ბოლო წლებში კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება.

– წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ბოსტნეული და მწვანილი ძვირდება, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. თქვენი შეფასებით, რა მოქმედებს ბოსტეულის ფასწარმოქმნაზე?

– „ჰერბია“ მომდევნო წელს 20 წლის გახდება და მომხმარებელს სულ ერთი და იმავეს ვეუბნებოდით, რომ პროდუქციას ტრადიციული მეთოდით მიწაში ვაწარმოებთ და არა ჰიდროფონულად. არ გამოვიყენებთ ქიმიურ საშუალებებს და თავის მეურნეობაში წარმოებულს ჩვენს მომხმარებელს ვაწვდით. დღემდე ასე ვართ. პირველი 5-6 წლის განმავლობაში გაყიდვები გაორმაგებული იყო, პანდემიის პერიოდშიც გაყიდვები გაგვიორმაგდა, ამის შემდეგ კომპანია იმ სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარების შენარჩუნების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბაზარზე არსებული კომპანიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ სრული საწარმოო ჯაჭვი გვაქვს და რომ იტყვიან მინდვრიდან მაგიდამდე ვაწვდით პროდუქტს – ჩვენ გვაქვს პირველადი წარმოება, მოსავლის აღების შემდგომ მართვის საჭირო ყველა სახის ინფრასტრუქტურა, ამასთან ერთად განვავითარეთ პროდუქციის შენახვის, მოვლა-პატრონობის წესები, გვაქვს დისტრიბუცია. ეს ყველაფერი სრული საწარმოო ჯაჭვის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ევროპაში ექსპორტიც იმიტომ შევწყვიტეთ, რომ პანდემიის პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. თუკი ჩვენი პირველადი წარმოება და წარმოების პროცესის ყველა რგოლი ერთდროულად არ განვითარდება, მიწოდებაში წყვეტა იქნება და ჩვენი კომპანია ჩამოიშლება. ჩვენ კი არ ვღალატობთ იმ პრინციპს, რომ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტი. საქართველოს მასშტაბით 500 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს. ბოლო წლებში ჩვენი გაყიდვები 20-25%-ის ფარგლებში იზრდება. ამიტომ მთელი ამ საწარმოო ჯაჭვის განვითარებისთვის ინვესტირებაა საჭირო, ბოლო პერიოდში კი ამ კუთხით არც ისე კარგი პერიოდი გვაქვს.

– რას გულისხმობთ როდესაც ამბობს, რომ „არც ისე კარგი პერიოდი გაქვს“ – ფინანსებზე ხელმისაწვდომობას?

– ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული არ გვაქვს, პირიქით, ფინანსური ინსტიტუტები გვეკითხებიან რა საჭიროებები გვაქვს. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის ინვესტიციას ვახორციელებთ წარმოებაში, რათა ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას დავეწიოთ. კომპანიის თითქმის მთლიანი მოგება განვითარებაში ბრუნდება და ამასთანავე გვესაჭიროება საკრედიტო რესურსებს, რომლის პროცენტიც გაზრდილია და ფული გაგვიძვირდა.

ამასთან, გაზრდილია კომუნალური ხარჯებიც. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წელია ჩვენს წარმოებას მზის პანელებით ჩვენივე გამომუშავებული ელექტროენერგიით ვამარაგებთ. ეს კარგი ფაქტორი იყო იმის, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი არ გაგვეზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასები მხოლოდ ერთხელ დაკორექტირდა, რასაც მომხმარებელთან ურთიერთობაში დიდი გავლენა არ ჰქონია. თუ სათესლე მასალის და საწვავის ღირებულება იზრდება, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კუთხით. თუმცა ვცდილობთ, იმ ზღვარზე გავლას, რომ მომხმარებელმა ჩვენი პროდუქტის შეძენა შეძლოს.

– “ჰერბიას” 2023 წლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან პარტნიორობა დადებითად აისახება ხილ-ბოსტნეულის ფასების შემცირებაზე – როგორ ახერხებთ გავლენის მოხდენას?

ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც „ჰერბიას“ ლოგოს ქვეშ იყიდება ადგილობრივი წარმოების არის. ქვეყანასა თუ ევროპაში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მარტივად შეგვიძლია იმპორტირებული, თუმცა აქ მთავარია სრული საწარმოო ჯაჭვი დავინახოთ, თუ სხვა კომპანიებს ლოგისტიკის ხარჯების გაწევა უწევთ, ჩვენ ჩვენი ლოგისტიკა გვაქვს აწყობილი, ის დახლიც კი, რომელიც ქსელებშია – ჩვენია და თანამშრომელი რომელიც მომხმარებელს ემსახურება, ჩვენი თანამშრომელია. ამგვარად, ჩვენ შრომის დანახარჯებისა და ტექნოლოგიების შემოტანით ხარჯების ოპტიმიზაციას და ფასების შენარჩუნებას ვახერხებთ. თუმცა ქვეყანაში პერიოდულად არსებულმა ტურბულენტურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერზე, რადგან შესაფუთ მასალას, დანადგარებს და ტექნოლოგიებს ჩვენ უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ.

ამ პერიოდისთვის ჩვენ გვქონდა ნაშთები, რომ არსებულ გარემოს ფასებზე გავლენა არ მოეხდინა. შევზღუდეთ გაზის წარმოება და ისეთი პროდუქტის წარმოებაზე გადავედით, რომელიც გათბობას არ საჭიროებდა.

“ჰერბიამ” საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა. “ჰერბიას” სათბურები წყალტუბოსა და ბაღდათში 35 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო აქვს მოწყობილი, რომლებიც თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით არის აღჭურვილი. ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დაფასოებული პროდუქცია შესთავაზა. “ჰერბია” Global Gap-ის სერტიფიკატს ფლობს და ის მწვანილსა და ბოსტნეულს სასუქის გამოყენების გარეშე აწარმოებს. კომპანია წარმოებული პროდუქციის აფასოებს და საქართველოში არსებულ მსხვილ ჰიპერმარკეტებს ამარაგებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *