შემოთავაზებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები საქართველოს 18 კანონში შევა.
შემოთავაზებული ცვლილებებით იცვლება ქვეყნის მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით და ინერგება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ახალი ზომები და უფრო მკაცრი ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, “ოცნების” მიერ დაგეგმილი ყველა ნაბიჯი თავსებადია ევროკავშირის სტანდარტებთან.
კანონში ცვლილებების შემდეგ, უცხოელი საქართველოდან შეიძლება იმ შემთხვევაშიც გააძევონ, თუკი არსებობს “საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს”.
კანონით განიმარტა
ცვლილებების შედეგად შეიცვლება:
- “სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
- “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
- იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
- მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
- ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით: ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს; ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
- მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
- ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
- შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
გაძევების და ქვეყანაში არშემოშვების გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს
კოდექსის ახალი ჩანაწერით, უცხოელებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მაქსიმალური ვადა 5 წელია.
ცვლილებები შეეხება ნებისმიერს, მათ შორის, ქვეყანაში ლეგალურად მყოფებსაც, კანონით განსაზღვრული დარღვევების შემთხვევაში.
ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილებისთვის. მაგალითად, ვადის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარი იქნება და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.