გვარაკიძე ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. მან პროკურატურაში კარიერა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ სამსახურებში საქმიანობას: ყოფილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე და თბილისის პროკურორი.
გარდა ამისა, გვარაკიძეს ჰქონდა ხელმძღვანელობითი პოზიციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში — იყო როგორც სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის, ისე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება იგეგმება, 18 ივნისს ჩატარდება. სწორედ ამ დღეს წარადგენს საბჭო კენჭისყრაზე კანდიდატს, რომელსაც მხარდაჭერის შემთხვევაში პარლამენტს წარუდგენს.
გენერალური პროკურორის წარდგენის პროცესი 13 ივნისს დაიწყო. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთ-ერთი კანდიდატი. მხარდაჭერილად ითვლება ის, ვინც საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმას მოიპოვებს.
საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება შესაბამისი დასაბუთებით.