გენერალურ აუდიტორს ახალი მოადგილე ჰყავს

გენერალურ აუდიტორს ახალი მოადგილე ჰყავს
გენერალურ აუდიტორს ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ბადაშვილმა ამ პოსტზე ზაზა შეყილაძე შეცვალა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი გენერალური აუდიტორის მოადგილედ 2025 წლის 13 ივნისს დაინიშნა.

მანამდე 2017 წლიდან ის მუშაობდა გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2015-2017 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად. 2014-2015 წლებში იყო მთავარი პროკურორი, 2013-2014 წლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

2011-2012 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოში, 2006-2008 წლებში კი იყო გამომძიებელი საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (2003).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რაც შეეხება ზაზა შეყილაძეს, როგორც BM.GE სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ის უწყებაში ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობიდან გადადგა და ფინანსთა სამინისტროს მოადგილის ადგილს დაუბრუნდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვაკანტური ადგილი კი გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა დაიკავა, რომელიც „ოცნების“ პარლამენტმა 11 ივნისის პლენარულ სხდომაზე 84 ხმით დაამტკიცა. დღეისთვის, გენერალურ აუდიტორს სამი მოადგილე ჰყავს – გიორგი ბადაშვილი, სოფიო დვალიშვილი და ბაკურ აბულაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *