შეთანხმების მიხედვით, SOCAR-ი გერმანულ კომპანიას წლიურად 1.5 მილიარდ მ3 გაზს მიაწვდის. ბუნებრივი აირის მოცულობა 1.5 მილიარდ მ3-მდე თანდათანობით უნდა გაიზარდოს. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა წერს, თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება ინვესტიციების განხორციელება გაზის ინფრასტრუქტურაში, ეს საშუალებას მისცემს ევროპას მეტი გაზის მიიღოს, რაც “კონტრიბუციას შეიტანს კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში”. გაზის მიწოდება აზერბაიჯანმა 2025 წლიდან უნდა დაიწყოს.
SEFE-ი გერმანიის მთავრობის საკუთრებაშია და ენერგორესურსებით 50 ათასამდე მომხმარებელს ამარაგებს. როგორც OC Media-თან ენერგეტიკის ექსპერტი იჰამ შაბანი ამბობს, ეს კონტრაქტი არ ნიშნავს, რომ გერმანია აზერბაიჯანულ გაზს გაზსადენით მიიღებს (ევროპასთან აზერბაიჯანს მხოლოდ TAP-ის გაზსადენი აკავშირებს). მისი თქმით, SEFE -ს ევროპაში ენერგეტიკული აქტივები აქვს, ამიტომ შეუძლია აზერბაიჯანული გაზი იყიდოს გადააქციოს ელექტროენერგიად და ისე მიაწოდოს მომხმარებელს.
2022 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირთან გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმება დადო და ვალდებულება აიღო 2027 წლამდე ევროპაში გაზი გაყიდვების მოცულობა 20 მ³-მდე გაზარდოს. მას შემდეგ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა ევროკავშირში ყოველწლიურად მზარდია და 2024 წელს თითქმის 13 მილიარდი მ³ მიაღწია. Eurostat-ის ინფორმაციით, შარშან აზერბაიჯანის წილი ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტში 7% იყო. აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წელს TANAP-ის გაზსადენის გახსნის შემდეგ დაიწყო. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის გაზის ჯამური ექსპორტი 6 მილიარდი მ³ იყო.