გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები – ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

“ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა” – ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
გაერთიანებულმა სამეფომ გააუქმა ის საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მომავალი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. მიზეზი, როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები და ვადები.

“გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.

ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით,მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.

პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.

დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას”, – წერს საელჩო.

„გრანტების შესახებ“ კანონი „ქართულმა ოცნებამ“ აპრილში მიიღო. მიღებული ცვლილებებით, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა. „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

გუშინ, 10 აპრილს, “ოცნების” დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, რომ ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია გრანტად იქნება მიჩნეული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *