გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა.
წყაროების ცნობით, ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოში გასამგზავრებელ რეისში ჩასვეს.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს. სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იგი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილი დააკავეს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი” – ბაჩიაშვილის ბოლო ინტერვიუ დაკავებამდე Guardian-ს