გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს

ღირსების მედალიც ეკუთვნით [ბაჩიაშვილის დაკავების] ოპერაციის ავტორებს – ირაკლი კობახიძე
გიორგი ბაჩიაშვილი, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება — ის გლდანის №8 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაყვანის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა ლოგისტიკური საჭიროებები დაასახელა.

„გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. გიორგის შევხვდით და მისი საპატიმრო პირობები ფაქტობრივად უცვლელია“, — თქვა მახარაშვილმა bm.ge-სთან საუბარში.

მისი განმარტებით, ბაჩიაშვილს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ გადაყვანა სასამართლო პროცესებზე დასწრების საჭიროებით იყო განპირობებული.

„მოგეხსენებათ, ის ბრალდებულის სტატუსითაა, მას სასამართლო განხილვები ექნება და იქ უნდა იაროს“, — განაცხადა ადვოკატმა.

მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი არცერთ დაწესებულებაში სამარტოო საკანში არ იმყოფებოდა და არ იმყოფება.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. ბაჩიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს

“შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესზე განაცხადა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *