მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს აღენიშნებათ დაზიანებებიც. ჟურნალისტი ამბობს, რომ „TV პირველის” გადამღები ჯგუფი გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა და გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ შეკითხვებს შინჯიკაშვილის მამას უსვამდა.
„ვიმყოფებოდით გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში. მას შემდეგ მოვედით აქ, რაც ვიცე-გუბერნატორმა სოციალურქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ტოვებდა თანამდებობას. ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მის მამასთან, ჩავწერეთ ინტერვიუ და მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ეს ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა.
როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე – თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა, რომლითაც ვიღებდით, ვწერდით ამ ინტერვიუს. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ”, – ამბობს ჟურნალისტი.
არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე სამართალდამცველები არ მისულან.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.