თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 8 აპრილს ოქრუაშვილს ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვლილიყო. “გირაო არ გადავიხადე, ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა — არ გადაიხადოო, ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე, დიფ სთეითიო მითხრა, მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება, ასე რომ, ვერ გადავიხდიდი. […] 7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მხოლოდ მე შემიფარდეს აკრძალვა ქვეყნის დატოვების, დანარჩენი არავის. თუ 50 000-ად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ დაარტყან დედამიწას წრე, 20 000-ად მე უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე და სადაური წესია ეგ ვერ გავიგე,” — თქვა ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
