გლობალურ პლატფორმა Finewaters.com-ზე, რომელიც მსოფლიოს 55-მდე ქვეყნიდან საუკეთესო, პრემიუმ ხაზის ნატურალური მინერალური წყლების 150-მდე ბრენდს აერთიანებს, პირველად ისტორიაში, ქართული ბრენდი – წყალი “მთის” გამოჩნდა.
რას ნიშნავს ქართული ბრენდის გამოჩენა გლობალურ პლატფორმაზე და რა გზა გაიარა Coca-Cola Bottlers Georgia-მ Finewaters-მდე – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში წყალი “მთის” ქარხნის დირექტორი ზურა შარაშენიძე და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მერი ლებანიძე საუბრობენ.
“ისეთი ამბავია, რომ ბრენდის კი არა, ზოგადად საქართველოს გულშემატკივარი ვინც არის, გაახარებს. ამ სიაში რომ საქართველო დიდი ასოებით ჩაიწერა და ამის უკან დგას “მთის” ბრენდი, დიდი მოვლენაა, იქიდან გამომდინარე, რომ გვჭირდება ამ მასშტაბის პროექტებში ყოფნა, რათა მოგვიმატოს თავდაჯერებულობა, როგორც ქვეყანას და გავხდეთ მსოფლიოს ნაწილი. როდესაც შენი პროდუქტი მსოფლიოს საუკეთესო პროდუქტებს გვერდით დგას, როგორც თანასწორი და თანაბარი, შენ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ”, – ამბობს ზურა შარაშენიძე.
კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ვიდრე პლატფორმაზე წყალი “მთის” განთავსდებოდა, პროდუქტმა შემოწმების თითქმის ერთწლიანი პროცესი გაიარა.
“პირველი მიმოწერის შემდეგ, იყო განცდა, რომ finewaters-ზე განთავსება შეუძლებელი იქნებოდა, იმხელა ინსტრუქტაჟი გამოგვიგზავნეს. ისინი წყალს ცოტა ფილოსოფიურად უყურებენ, მათთვის სასმელი წყალი დაუმუშავებელი წყალია, რომელსაც ბუნებისგან იღებ. დაიწყეს შესწავლა, საიდან მოდის წყალი, რა სიღრმეებიდან მოგვაქვს, ნიმუშების სრული ქიმიური ანალიზები და ა.შ.” – ამბობს წყალი “მთის” ქარხნის დირექტორი.
“არ იყო მარტივი ეს ყველაფერი, უდიდესი შრომა სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ წყალს, რომელსაც აწარმოებ, მაქსიმალურად აქვს ის თვისებები შენარჩუნებული, რომელიც წყაროდან მოდის. უნდა უზრუნველყო რომ არის ხარისხიანი როგორც ქიმიურად, ასევე მიკრობიოლოგიურად, იმიტომ რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პროდუქტი იყოს უმაღლესი ხარისხის. ამისთვის გვჭირდებოდა, პირველ რიგში, ჩვენ თავად ვყოფილიყავით დარწმუნებული პროდუქტის ხარისხში”, – აღნიშნა მარი ლებანიძემ.
ამასთან, წყალი “მთის” ქარხნის დირექტორი აღნიშნავს, რომ Finewaters-ის პლატფორმაზე მოხვედრა პროდუქტის საექსპორტო პოტენციალს ზრდის, რადგან ის ერთგვარი სახელმძღვანელოა პრემიუმ ხაზის წყლის შესყიდვით დაინტერესებული კომპანიებისთვის.
“ეს სიამაყეა, გვაძლევს იმის ბუნებრივ ამბიციას, რომ ზუსტად ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს, რისთვისაც ვიბრძვით და ვწვალობთ გუნდთან ერთად, რათა ხარისხი მუდმივად იყოს შენარჩუნებული და გაუმჯობესებული”, – განაცხადა მარი ლებანიძემ.
“საქართველოში, ნატახტარის რეგიონის სიღრმეში ვხვდებით საოცარ ბუნებრივ საგანძურს – “მთის” მინერალურ წყალს. ეს წყალი, რომელიც წარმოიშვა უძველესი კლდოვანი წარმონაქმნებისგან, ბუნებრივად იფილტრება ვულკანური ქანებისა და მინერალებით მდიდარი დედამიწის ფენებში – ეს პროცესია, რომელსაც წლები სჭირდება და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას.
რეგიონის გეოლოგიური ისტორია – ტექტონიკური ძვრებითა და ვულკანური აქტივობით ჩამოყალიბებული – ქმნის იდეალურ გარემოს წყლისთვის აუცილებელი მინერალებით გამდიდრებისთვის, მისი ხელუხლებელი სისუფთავის შენარჩუნებით”, – ასეთ აღწერას ვხვდებით FineWaters.com-ზე წყალი “მთის” შესახებ.