გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს წევრად აირჩიეს

გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს წევრად აირჩიეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრად აირჩიეს. არჩევნები 2025 წლის 18 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია (CES) UNECE რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 56 ქვეყანას აერთიანებს – მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.

კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შტაბბინაში, ჟენევაში და გლობალური სტატისტიკური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

არჩევნები სპეციალური პროცედურების მიხედვით ჩატარდა. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პროტოკოლის მიხედვით, ბიუროს წევრობის კანდიდატთა სია დაკომპლექტდა პირებით, რომლებიც საერთაშორისო სტატისტიკურ საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას კონფერენციის მუშაობაში და მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ოფიციალური სტატისტიკის განვითარების საქმეში.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიურო წარმოადგენს კონფერენციის მმართველ ორგანოს. ის არის პლატფორმა, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბიუროს მთავარი ფუნქციებია: კონფერენციის სამუშაო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, საერთაშორისო სტატისტიკური თანამშრომლობის კოორდინაცია, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფების მანდატების განსაზღვრა, ასევე ახალი სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

ბიურო შედგება რვა წევრისაგან, რომელთა არჩევაც ხორციელდება ორწლიანი ვადით. ახალი ბიუროს შემადგენლობა (2025-2027 წწ.) დაკომპლექტდა წევრებით, რომელთა შერჩევა განხორციელდა პირადი პროფესიული მიღწევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ახლად არჩეულ ბიუროს კანადის მთავარი სტატისტიკოსი უხელმძღვანელებს, რომლის წევრებიც გოგიტა თოდრაძესთან ერთად იქნებიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, ალბანეთის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები.

ბიუროს მუშაობაში მუდმივი დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ:

  • გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) დირექტორი
  • გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტატისტიკის სამსახურის დირექტორი
  • ევროსტატის გენერალური დირექტორი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი სტატისტიკოსი (სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორი)
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარი სტატისტიკოსი (დირექტორი)
  • მსოფლიო ბანკის მთავარი სტატისტიკოსი

საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროში წარმოადგენს ქვეყნის სტატისტიკური სისტემის საერთაშორისო აღიარებას და მისი ლიდერების მაღალი პროფესიონალიზმის დამადასტურებელ ფაქტს. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო სტატისტიკურ არენაზე ინტეგრაციისა და ევროპულ სტატისტიკურ სივრცეში მყარი პოზიციების დამკვიდრების კუთხით.

აღნიშნული არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს სტატისტიკის სისტემა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და ითვლება სანდო პარტნიორად როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

ბიუროს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ევროპისა და აზიის რეგიონის სტატისტიკური სისტემის განვითარებაზე. ქვეყანას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთოს საერთაშორისო სტატისტიკური პოლიტიკისა და სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *