მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს და მსგავსი სხვა რეპრესიული კანონები “ქართული ოცნების” ხელში იარაღია, რითაც ის სამოქალაქო ორგანიზაციებს ებრძვის. “ქართული ოცნება” გადაუწყვეტს მაგალითად გაეროს, ევროსაბჭოს და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. ამ გზით კი “ოცნება” დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მაგალითად, ადამიანის უფლებებზე ან კორუფციაზე მუშაობს.
“ეს არის იმ დიდი პროცესის ნაწილი, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო 2022-2023 წლიდან. ეს ნიშნავს საბოლოო ნაბიჯების გადადგმას ჩაიხშოს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სოლიდარობის განცდა საზოგადოებაში, მთლიანობაში იდეა, რასაც ჩვენ ვეძახით თავისუფლებას, უნდა მოკვდეს. სხვანაირად დიქტატურა არ დამყარდება.
მათ სურთ ყველანაირი რესურსის მოსპობა, რაც საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა საგარეო დახმარების სახით და ამ რესურსზე კონტროლის დამყარება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნება გასცემს ნებართვას იმაზე, რომ სამართლებრივი დახმარებისთვის დაიხარჯოს ფული, ან მაგალითად ნებართვას გასცემს იმაზე, რომ კორუფციის გამოკვლევისთვის დაიხარჯოს ფული, სხვადასხვა მიდგომები გვქონია. სამოქალაქო გაერთიანების ორგანიზაციების სრული ელიმინაცია მათი შესაძლებლობების არსებითი შესუსტება არის ერთ-ერთი ოპერატიული ამოცანა და ეს ამ მიმართულებით არის იარაღი ქართული ოცნების ხელში“,-აცხადებს დავითური.
“ქართული ოცნება” თავად გადაწყვეტს ვის მისცეს როგორც უცხოური გრანტი, ისე სახელმწიფო დაფინანსება, რომლისთვისაც სახელმწიფო გრანტის სააგენტო იქმნება. აღნიშნული სიპი კონკურსის საფუძველზე მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტს, რომელთა საქმიანობა “ქართული ოცნების” პრიორიტეტულ მიმართულებაში ჩაჯდება. 19 წევრისგან შემდგარი საბჭოც სრულად “ქართული ოცნების” მთავრობისგან იქნება დაკომპლექტებული და მის ხელმძღვანელსაც ირაკლი კობახიძე დანიშნავს.
დავითურის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” ალტერნატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება აქვს გადაწყვეტილი.
„სრულად უნდა მოსპონ ყველანაირი რესურსი, რომლის საფუძველზე შეუძლია გაერთიანებას სახელმწიფოს გარეშე ავტონომიურად საქმიანობა. შემდეგ უნდა შექმნან რესურსი, რომელიც მათ ეფექტურ კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად შექმნან და გააჩინონ ორგანიზაციები ან წინ წამოსწიონ ორგანიზაციები, რომელიც არსებობენ, რომლებიც მათთან არიან დაახლოებულები და გააკეთებენ ყველაფერს.
ცუდი პარალელი რომ გავავლოთ, პარლამენტში დღეს გვყავს ოპოზიცია ანუ “ქართული ოცნების” სიით გავიდნენ და მეორე დღეს გაემიჯნენ და ახლა თურმე ოპოზიციაში არიან. მათი მიზანია მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, რომელიც ხელოვნურად ამოავსებს იმ კვოტას, რომელიც დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ გავუქმდით, თუ რა თქმა უნდა მიზანს მიაღწიეს“,-აცხადებს გიორგი დავითური.