“გრანტების კანონში” შესული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად – SJC

„ოცნების“ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) განცხადებით, “გრანტების შესახებ” კანონში შესული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად.

გუშინ, 12 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “გრანტების კანონში” ცვლილებები.

SJC-ის განცხადებით, ეს ცვლილებები “ქართული ოცნების” მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლის შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს და შეუძლებელს ხდის ამ ორგანიზაციებმა საქმიანობა გააგრძელონ.

„გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილის შემდეგ, 21 მაისს ისევ დააინიიცირა. პროექტის საწყისი ვერსია მხოლოდ უცხოური გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაციების/სუბიექტების მიერ გრანტის გაცემაზე მთავრობის სავალდებულო თანხმობიდან გამონაკლისს აკონკრეტებდა და სახელობითად მიუთითებდა, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება, მათ შორის, „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს + (Erasmus +) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე“.

თუმცა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანამდე, კანონპროექტის თავდაპირველი შინაარსი და მოცულობა მოულოდნელად არსებითად შეიცვალა და მას უცხოური გრანტის გაცემაზე კონტროლის დამატებითი ბერკეტები დაემატა, რამაც კიდევ უფრო მკაცრად შეზღუდა უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობები ადგილობრივი გაერთიანებებისთვის.

კერძოდ, პროექტის თანახმად:

  • გრანტის ცნებაში ჩამოთვლილ მიზნობრიობას ემატება „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სფეროები;
  • იზრდება გრანტის გამცემი უცხოური აქტორების ჩამონათვალი და მას ემატება „სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“;
  • იზრდება გრანტის განმარტების ჩამონათვალიც და გრანტად მიიჩნევა უცხოური გრანტების გამცემი სუბიექტების მიერ გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება „ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით“;
  • ზუსტდება გრანტის გაცემის წერილობითი საფუძვლები. კერძოდ, წერილობითი ხელშეკრულება – „განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია ერთი თუ რამდენიმე დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა“; ასევე ჩამონათვალს ემატება უცხოური გრანტის გამცემი სუბიექტის (დონორის) „წერილობითი გადაწყვეტილება“;
  • მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას დაქვემდებარებული გრანტების გამონაკლისებს ასევე ემატება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უცხოური გრანტის გამცემი დონორის მიერ გრანტის გაცემაზე ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესები;
  • ზუსტდება, რომ უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემაზე მთავრობასთან შეთანხმების წესს და პირობებს ადგენს თავად მთავრობა.

“ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა პერმანენტულად მძიმდება და მისი მიზანია, კონტროლს მიღმა არ დარჩეს ამ ორგანიზაციების საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის რომელიმე სფერო და შინაარსი, მათ შორის ისეთიც, რომელიც ორგანიზაციებისთვის ტექნიკური ხასიათის დახმარებას გულისხმობს.

აშკარაა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები არ წარმოადგენს უბრალოდ ტექნიკურ საკანონმდებლო ცვლილებას, არამედ ფუნდამენტური უფლებების – გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, თანასწორობისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის არსებობის, სისტემურ და მიზანმიმართულ წაშლას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვა მტრულ არა ერთ კანონთან ერთად, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი თვითორგანიზებული გაერთიანებების მტრად, საფრთხედ მონიშვნას და საბოლოოდ მის განადგურებას”, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *