მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები დაანონსებულ ცვლილებებს ისე უყურებენ, თითქოს ეს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემაა, რადგან აქცენტირებულად პროპაგანდისტული არხები ამ ცვლილებებს სწორედ ამ კუთხით აშუქებენ.
„ეს შეეხება საქართველოს მოსახლეობის ფართო სპექტრს, მაგალითად, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, სტუდენტებს, ბიზნესასოციაციებს, ფერმერებს, ბიზნესებს… შეუძლებელია, ასეთი რეპრესიული მეთოდები ნაბიჯ-ნაბიჯ არ მივიდეს რიგით ადამიანამდე“, – აღნიშნა მან გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიის მიერ ინიციირებულ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
ნათია კაციაშვილის თქმით, ძალიან საყურადღებო და აბსურდულია თავად ეს მექანიზმი, რომელიც ჩადებულია გრანტების შესახებ კანონის ცვლილებაში.
“ერთია, რომ კონკრეტული თანხმობის მოპოვების ვალდებულება არის დონორის მხარეს, თუმცა, დონორის მხრიდან სათანადოდ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება გრანტის მიმღებს. მაგალითად, ფერმერს – რომელსაც შეიძლება აქვს მეფუტკრეობა და გრანტს იღებს იმისთვის, რომ დანერგოს სურსათის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი, რათა ჩვენ მივიღოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო თაფლი ან გაიტანოს თაფლი ექსპორტზე; ასევე, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს შესაბამისი უნარები, ბიზნესგეგმების მოსამზადებლად ან რაიმე სამართლებრივ დოკუმენტაციაში გასარკვევად და ამისთვის მიიღოს საგრანტო დაფინანსება – დამატებით მოუწევს შევიდეს ახალი რეგულაციის გარკვეული აღსრულების ხარისხში და შეამოწმოს, დონორმა შეასრულა თუ არა ვალდებულება შესაბამისად, რათა შემდეგ ფერმერს არ დაეკისროს ჯარიმა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით… ეს, ფაქტობრივად, რიგით მოქალაქეებს დონორების და გრანტების მიმართ გარკვეული შიშს ჩამოუყალიბებს“, – განმარტა კონსულტანტმა.
მისივე თქმით, გრანტების შესახებ მოქმედი კანონით, ისედაც არის დეტალურად გაწერილი საგრანტო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები – დონორი და გრანტის მიმღები, ხელშეკრულების შინაარსი, რაც მოიაზრებს გრანტის მიზანს, მიმართულებებს, რა ვადაში და რა თანხა იხარჯება, ასევე მოთხოვნებს, რომელსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს. თავის მხრივ, დონორებსაც დეტალურად აქვთ გაწერილი გრანტის გაცემის წესები.
„[ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით] შემოდის დონორის მხრიდან ამ პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში ინფორმაციის მოთხოვნის ვალდებულება თუ უფლებამოსილება. ანტიკორუფციულ ბიუროს, ფაქტობრივად, შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია (სახელმწიფო საიდუმლოების გარდა), მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, იმისათვის რომ მან ეს რეგულაცია აღასრულოს. დონორის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ამას დაერქმევა აკრძალული გრანტი და ზარალდება გრანტის მიმღები. თან გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმდება. ამდენად დონორი იმ შემთხვევაში, თუ არ დაიცავს ამ პროცედურას, საფრთხეში აგდებს გრანტის მიმღებს, რასაც პასუხისმგებლიანი დონორები არ გააკეთებენ. ამიტომ მათ რჩებათ ის გზა, რომ ან დატოვონ ქვეყანა, ან დათანხმდნენ ამ პროცედურას“, – აღნიშნა ნათია კაციაშვილმა.