რაც შეეხება ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, ეს კომპონენტი 2024 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდა და იგი ოჯახზე ერთჯერადად 300 ლარის დახმარებას ითვალისწინებს. ჯამში, გასულ წელს, ამ კომპონენტით დახმარება 223-მა ოჯახმა მიიღო. ასევე, 2024 წელს სამედიცინო დახმარების კომპონენტით ისარგებლა 71-მა ბენეფიციარმა. ხოლო 10 ბენეფიციარს დაუფინანსდა კერძო კოლეჯში.
მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან რეინტეგრაციის პროგრამაში.
სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით კაიკაციშვილის თქმით, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც პროგრამა ამოქმედდა, რეინტეგრაციის პროგრამას საქართველოს 5000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, თუმცა დახმარება 3000-მა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 2024 წელს 567 იყო.
რაც შეეხება ბიუჯეტს, კაიკაციშვილის თქმით, ამ პროგრამის ბიუჯეტი წლების განმავლობაში იყო მხოლოდ 500 000 ლარი. წელს კი 1,5 მლნ-მდე გაიზარდა.
„გამომდინარე იქიდან რომ მიგრაციული პროცესები გააქტიურდა ბოლო წლებში, 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარამდე გავზარდეთ, 2025 წელსაც კიდევ 50%-ით გაიზარდა, მომავალ წელსაც დაგეგმილია ამ მიმართულებით საბიუჯეტო რესურსის ზრდა“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან დაბრუნებული ემიგრანტები სარგებლობენ პროგრამის ბენეფიტებით, დავით კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ძირითადად ეს ის ქვეყნები არიან, სადაც ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაწილია კონცენტრირებული. კერძოდ, ესენია გერმანია, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი.