დავით დოიაშვილი არის ადამიანი, ვინც ყველასგან მივიწყებული თეატრი გააცოცხლა – ეკა მაზმიშვილი

დავით დოიაშვილი არის ადამიანი, ვინც ყველასგან მივიწყებული თეატრი გააცოცხლა – ეკა მაზმიშვილი
“თეატრი სახელოსნო 42”-ის გენერალური მენეჯერის ეკა მაზმიშვილის შეფასებით, დავით დოიაშვილი აშენებდა თეატრს, რომელიც უყვარს ქართულ მაყურებელს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თეატრს, რომელმაც ახალგაზრდობა მიიყვანა თეატრში.

ასე გამოეხმაურა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკა მაზმიშვილი კულტურის სამინისტროს მიერ სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ [ახალი თეატრის] ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.

„მე გეტყვით, ვინ მოხსნეს:

  1. ადამიანი, ვინც გააცოცხლა თეატრი, რომელიც ყველას მივიწყებული ჰქონდა;
  2. შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო დასი და თანამედროვე თეატრი;
  3. შექმნა საუკეთესო რეპერტუარი;
  4. შექმნა საუკეთესო საერთაშორისო cv არა მარტო თავისი სპექტაკლებით და თავისი თეატრისათვის, არამედ საერთოდ ქართული თეატრისათვის;
  5. თეატრში მიიყვანა მაყურებლის ახალი თაობა;
  6. მისი თეატრია ცოცხალი და თანამედროვე… უფრო გრძლადაც დავწერ. ამის მერე არაფერია. არაფერი“, – დაწერა “თეატრი სახელოსნო 42”-ის გენერალურმა მენეჯერმა facbeook-ის პირად გვერდზე და მოგვიანებით, ვრცლად „წერტილში“ ისაუბრა.

„მუსიკისა და დრამის თეატრი მანამდე [დავით დოიაშვილამდე] მივიწყებული იყო; მისი სახელი და შემოქმედება არ ჩანდა, თითქოს არ არსებობდა. ამ ადამიანმა კი, თეატრს საუკეთესო ტრადიციები შეუნარჩუნდა, შექმნა ახალი დასი და ახალი რეპერტური – მოკლედ, თეატრი თავიდან დააარსა.

დავით დოიაშვილმა შექმნა დამოუკიდებელი თეატრი, უნიკალური რეპერტუარით და საერთაშორისო CV-ით. მან არა მხოლოდ „ქართულ თეატრს“, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს გაუწია პოპულარიზაცია.

ყველა სამხატვრო ხელმძღვანელს არ შეუძლია შექმნას ახალი თეატრი – ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლია და ძალიან ცუდია, რომ „ახალი თეატრის“ დასს ასეთი სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.

თეატრი დამოუკიდებელი და ცოცხალი ორგანიზმია და როდესაც ასეთი სამხატვრო ხელმძღვანელი ტოვებს ამ ორგანიზმს, ძალიან ბევრი რამე ირევა და დიდი საშიშროებაა, რომ 90%-ით იმ შედეგებს, რაც ამ თეატრს ჰქონდა, დასი ვერ მიაღწევს, რადგან რაღაც გატყდა… ძალიან რთულია იგივე დასის შეკრება. ზოგადად, ყველაფრის აშენება ძალიან რთულია, დანგრევა კი ერთ წუთშია შესაძლებელი“, – განაცხადა ეკა მაზმიშვილმა.

შეგახსენებთ: “თეატრი სახელოსნო 42“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დავით დოიაშვილს და „ახალ თეატრს“ სოლიდარობა გამოუცხადა.

„დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს — ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის.

თეატრი არ დუმს.

ჩვენი ხმა — ჩვენი პოზიციაა.

ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს!

ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა“, – ეწერა თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *