[დაკრედიტებაზე] რაიმე საყურადღებოს ვერ ვხედავთ. საკმაოდ მდგრადი ვითარებაა – ნათია თურნავა
სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ დაკრედიტების ტემპთან დაკავშირებით რაიმე საყურადღებოს ვერ ხედავს და ვითარება მდგრადია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკრედიტების კლების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, არსებული ტენდენცია, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით, ნორმალიზებას უკავშირდება.
“ჩვენ განებივრებულები ვართ ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ამიტომ 7.5% შეიძლება ვიღაცას უფრო დაბალი მოეჩვენოს. მერწმუნეთ, ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება მსგავსი ძლიერი ზრდა. 7.5% არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა. ეკონომიკური ზრდა არის ძალიან ძლიერი. ხდება ეკონომიკური ზრდის ნორმალიზება და შესაბამისად, დაკრედიტების ნორმალიზებაც. როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, დაკრედიტების ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს, ეს არ იქნება ჯანსაღი და მდგრადი. ამიტომ, საკრედიტო პორტფელის 15-16%-იან ზრდას მდგრად ზრდას ვეძახით და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ განაპირობოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავთ. პირიქით, ამას ვეძახით ნორმალიზებას. რაც შეეხება დეველოპმეტნს, ესეც ციკლური სფეროა, ანუ არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს ერთი და იგივე მაღალი ტემპით, გარკვეულწილად ხდება ხოლმე გაჯერება ბაზრის, ნორმალიზდება ეს ტემპი, მერე კვლავ იზრდება. უნდა დააკვირდეთ მათ შორის გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობას, რომელიც მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ახალი პროექტები გრძელდება”,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 18%-ით არის შემცირებული.