[დაკრედიტების შემცირებაზე] კონკრეტულ ანალიზს ზაფხულის პერიოდში გავაკეთებთ – საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ დაკრედიტების შემცირების შესახებ კონკრეტული ანალიზის მას შემდეგ გაკეთდება, რაც 6 თვის მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ გარკვეული თვეები უკვე შემცირებულია წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით, დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივობის ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდით ნაკლებ აქტივობას, იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ესაა ძირითადი ფაქტორი, მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება”,- თქვა ძნელაძემ.
კითხვაზე, დაკრედიტების კლების ფონზე, ჩანს თუ არ რისკები იგივე უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირების მიმართულებით, ძნელაძე ამბობს, რომ „ჯერჯერობით ადრეა რაიმე დასკვნის გაკეთება“.
“რა თქმა უნდა, უძრავ ქონებასთან მიმართებით აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები საუბრობდნენ 2024 წლის დასაწყისში”,- აღნიშნავს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 18%-ით არის შემცირებული.