“დამუშავების პროცესში 130 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროს 7 პროექტია” – “იბერკომპანი ჰოლდინგი”

“დამუშავების პროცესში 130 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროს 7 პროექტია” – “იბერკომპანი ჰოლდინგი”

“იბერკომპანი ჰოლდინგის” ენერგეტიკულ მიმართულებაზე “ბიზნესის კვირეულის” ეთერში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან დიასამიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის პორტფოლიოში როგორც ჰიდრო, ასევე მზის ენერგიის პროექტები შედის, რომლებიც ეტაპობრივად, 2026-29 წლებში ჩაერთვება ქსელში.

ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ჰოლდინგისთვის. დღეს 7 ჰიდრო პროექტია დამუშავების პროცესში, თითოეული სხვადასხვა ფაზაში, ჯამურად 130 მეგავატამდე სიმძლავრის. ვფიქრობ, ქვეყნის ენერგოსისტემაში საკმაოდ კარგი კონტრიბუციის შეტანა შეგვიძლია. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ, არის კასლეთი 1. ეს არის შედარებით მომცრო ჰესი, 8 მეგავატის მოცულობით. ვფიქრობთ, მაისის ბოლოს საქართველოს ელექტროსისტემაში ჩაეშვება ეს ჰესი, სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს მონტაჟის პროცესი. 7 პროექტი 2026-29 წლების ფარგლებში ეტაპობრივად შევა ქსელში. გვაქვს სოლარ მიმართუელბებიც, რომლებიც 70 მეგავატის ფარგლებშია. ესეც ძალიან საინტერესოა ჯგუფისთვის”, – ამბობს ლევან დიასამიძე.

ჰოლდინგური კომპანიის CEO-მ ენერგეტიკის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული ნაწილი და მოსახლეობასთან კომუნიკაცია რჩება.

“ენერგეტიკას ბევრი რისკი ახლავს. არ შემიძლია არ გამოვყო და მადლიერება არ გამოვხატო CFD-ის ნაწილისთვის, რითაც სახელმწიფომ ინვესტორებთან საუბარი გაგვიმარტივა, თუმცა გვაქვს ბიუროკრატიული სირთულეები, რაც ძალიან მალე უნდა გადავლახოთ, რადგან ყოველდღიურად ვკარგავთ თანხებს, ვკარგავთ დროს…

გვაქვს სირთულეები მოსახლეობასთან ურთიერთობაშიც. ზოგადად, ჰესების კუთხით ცოდნა და სანდოობა ძალიან დაბალია, ნაკლებად აღსაქმელია ხალხისთვის, რომ პირიქით, ჰესი საფრთხეებს გამორიცხავს – ეს საკითხებია, რასაც ვებრძვით და ეტაპობრივად გადავლახავთ”, – ამბობს ლევან დიასამიძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *