ახლად არჩეულმა პაპმა კიდე ერთხელ გამოხატა ეკლესიის სოლიდარობა მედიის დაკავებული წარმომადგენლების მიმართ.
“ნება მომეცით, გავიმეორო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მოწოდებით გამოვიდე მათი გათავისუფლებისკენ. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ.
ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი რომ აშუქებენ ომს; იმ ადამიანების სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობას და ადამიანების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულები, ვინაიდან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერთა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი. გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო, სიმართლის წინაშე თქვენი სამსახურისთვის”, – თქვა პაპმა ლეომ ვატიკანში, პავლე VI-ს სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისადმი მიმართვაში.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.
ჩამონათვალში არ არის საქართველოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, რადგან ის მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.