ორგანიზაცია “დაფიონი” პოლიტპატიმრების საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ისინი მოითხოვენ, რომ “კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას” და “ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე”. წერილს 17 პოლიტპატიმარი აწერს ხელს. გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: “ჩვენო თანამებრძოლებო, მოგესალმებით ციხიდან და მოგმართავთ ერთობლივი განცხადებით. 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩვენი პროტესტისთვის. მას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის დაცვაში. მოგიწოდებთ ყველას, რომ გვერდში დაუდგეთ “ერთობას” და თავადაც გახდეთ იმ ზეპარტიული, ეროვნული ერთობის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოს გადარჩენაა. მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს, ვინაიდან ეს ყოველივე არის ჰიბრიდული ომი, სადაც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცი. ნუ შეშინდებით ჯარიმებითა თუ პატიმრობით, შიშისგან რჩევებს ნუ მიიღებთ. ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვევალება თავგანწირული ბრძოლა! ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. (ამ წერილის დედანს თან ახლდა ხელმოწერები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოგვართვა. ამიტომ, გთავაზობთ ხელმოწერათა ჩამონათვალს. ეს კონკრეტული განცხადება გამოხატავს იმათ ნებას, ვინც მოვახერხეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვართ ამავე განცხადების ხელმომწერნი. სხვა პატიმრებს შეგიძლიათ სიტყვიერი თანხმობით შემოუერთდეთ ჩვენს განცხადებას). ზ. ცეცხლაძე გ. მირცხულავა ვ. თეთრაშვილი ს. ჯიქია ვ. კასრაძე ვ. კაძელაშვილი ი. ალიევი თ. გოშაძე ი. მიმინოშვილი გ. გორგაძე ნ. ჯავახიშვილი ო. ცხადაძე რ. კიკნაძე ი. ქერაშვილი გ. ტერიშვილი ჯ. არჩაია ლ. ჯაბუა”, — წერია გავრცელებულ წერილში.
“დაფიონი”: ჩვენთვის მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე
