დაცულ ტერიტორიებს შორის პრომეთეს მღვიმე ყველაზე მონახულებადია – 5 თვეში მღვიმეს 57 307 ვიზიტორი ეწვ

დაცულ ტერიტორიებს შორის პრომეთეს მღვიმე ყველაზე მონახულებადია – 5 თვეში მღვიმეს 57 307 ვიზიტორი ეწვ
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე იანვარ-მაისში შესრულებული ვიზიტების თითქმის მეოთხედი პრომეთეს მღვიმეზე მოდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით, მღვიმე უკვე 57 307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და წარმატებული ეკოტურისტული პროექტის მაგალითია. მღვიმე ყოველწლიურად ათობით ათას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს.

სამინისტროს ცნობით, 2015 წლიდან დღემდე, პრომეთეს მღვიმეში სახელმწიფოს მიერ 4 555 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სრულად რეაბილიტირებულია მღვიმის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სანაოსნო მონაკვეთი; განახლდა ვიზიტორთა ცენტრი და ნავები, განათებისა და აუდიო სისტემები; აშენდა კაფეტერია და ყველა დარბაზი აღიჭურვა საინფორმაციო დაფებით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო საჭიროებისამებრ, ყოველწლიურად ახორციელებს სამუშაოებს სერვისების განახლების და გაუმჯობესების მიზნით.

5 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

დღეს, იმერეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლი – პრომეთეს მღვიმე, რეგიონში ჩასულმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მოინახულა.

„დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი უნიკალური ბუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების სერვისები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად ისახება რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში რეინჯერთა პასუხისმგებლობა არის ფასდაუდებელი. ხშირ შემთხვევაში, პროფესიულ მოვალეობას რეინჯერები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. რეინჯერების სათანადო სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები სახელმწიფოს ზრუნვის საგანია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *