„დელეგაცია ჩამოვა და პრობლემები ხელახლა გადამოწმდება“ – ალექსანდრე წულაძე ENQA-ს და EQAR-ის საკითხზე

„დელეგაცია ჩამოვა და პრობლემები ხელახლა გადამოწმდება“ – ალექსანდრე წულაძე ENQA-ს და EQAR-ის საკითხზე
„დელეგაცია ჩამოვა და პრობლემები ხელახლა გადამოწმდება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ENQA-ს და EQAR-ის საკითხზე “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნები, რომელიც გადამოწმების დროს ENQA-ს და EQAR-ს ჰქონდათ შესრულებულია.

“2023 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ჯგუფი, რომელიც ქვეყნებში პერიოდულად ახდენს ხელახლა ავტორიზაციას ასოციაციის წევრობის. ერთ-ერთ სტანდარტში, რომელიც ეხებოდა ხარისხის ცენტრის დამოუკიდებლობას, არადამაკმაყოფილებელი შეფასება მივიღეთ. აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება მაშინვე დავიწყეთ და ის უკვე 2024 წელს იყო აღმოფხვრილი. დღეს ხარისხის მართვის დირექტორი 5 წლის ვადით ინიშნება და აკრძალულია, რომ ეს პირი იკავებდეს სხვა პოლიტიკურ თანამდებობას, ასევე გაწერილია იმ ორგანოების მონაწილეობა ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში, რომელიც ENQA-ს და EQAR-ს ჰქონდათ მოთხოვნა”, – განაცხადა წულაძემ.

კითხვას, შეიძლება ENQA და EQAR უახლოეს ვადებში ისევ დაბრუნდეს? ალექსანდრე წულაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

“ENQA-ს და EQAR ასე სწრაფად არ მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვესაჩივრებინა და საერთაშორისო დონეზე კონსულტაციები გვქონდა. ჩვენ ფოკუსირებული შეფასება მოვითხოვეთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ახალი დელეგაცია ჩამოვა და არის თუ არა დღესაც იგივე პრობლემები სისტემაში ხელახლა გადამოწმდება“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

EQAR ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში 2019 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა. ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორია და ასევე, ზრდის ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის მიწურულს შეჩერდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად განათლების ექსპერტებმა გაავრცელეს, რაც შემდგომ თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა. ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე შეუჩერდა. მათ შორის, შეუსაბამოდ შეფასდა ერთ-ერთ სტანდარტში – დამოუკიდებლობის ნაწილში. კრიტიკული შეფასება მოჰყვა, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაშინ განმარტეს, რომ EQAR-ის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის. მათ შორის ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე, რაზეც განათლების სექტორის წარმომადგენლები შიშობდნენ. განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გააჟღერეს სექტორის წარმომადგენლებმა. მაგალითად, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ EQAR უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, მისი დაკარგვის ფასი კი, მოპოვებაზე გაცილებით დიდი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *