დემპინგის პრობლემა ახლა ცემენტის სექტორზე მეტად, მეტალურგიაში დგას – ირაკლი რუხაძე
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც “ჰაიდელბერგ საქართველოს” და “რუსთავის მეტალის” თანამფლობელია, აცხადებს, რომ ამჟამად ცემენტის სექტორში დემპინგის პრობლემა მწვავედ არ დგას და ის უფრო მეტალურგიის სექტორშია
“ვერ გეტყვით, რომ ახლა ეს საკითხი მაინცდამაინც დგას. მე ინვესტორი ვარ და ამ კომპანიების თანამფლობელი ორივესი [ჰაიდელბერგის და რუსთავის მეტალის], მე არ ვმონაწილეობ ყოველდღიურ მენეჯმენტში და ამიტომ ამ კითხვებზე ბევრად უფრო კარგად გიპასუხებენ თვითონ ჩვენი იურისტები.
მე მგონი, ეს თემა არ დგას, თუმცა იდგა და განსაკუთრებით ეს იყო [ცემენტის სექტორში დემპინგი] თუ არ ვცდები ირანის მხრიდან. მე მგონი უფრო მწვავედ დგას ახლა ეს მეტალურგიულ სექტორში, ვიდრე ჰაიდერბერგში, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია.
სულ რაღაცა ხდება, ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ პროცესს და მერე ვრეაგირებთ. ადრე არ გვქონდა და მადლობა ღმერთს, რომ მივიღეთ და გვაქვს ანტიდემპინგის კანონი. ამით შესაძლებელია, რომ რაღაცნაირად თავი დავიცვათ”, – განაცხადა რუხაძემ.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას “ჰაიდელბერგში”, რუხაძე ამბობს რომ აუცილებლად.
“აუცილებლად. ჩვენ ყველა მიმართულებით ვიზრდებით და გავაგრძელებთ ამ ზრდას. იმიტომ ვიზრდებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, რაც ძალიან კარგია”, – დასძინა რუხაძემ.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს მიერ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ცემენტის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების წილი მაღალია და იკვეთება ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია. თუმცა, მიუხედავად იმპორტირებული პროდუქტის შედარებით დაბალი ფასისა, დემპინგის არსებობა არ დადასტურებულა. სააგენტომ მოკვლევა ბიზნესის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
კონკურენციის სააგენტომ არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით მოკვლევა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე 2024 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვს.