სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტულ ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებაზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, ხარისხის გაუარესებისა და სექტორის კრიზისის ძირითადი მიზეზია.
ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და იმ სქემის შესახებ გვიყვება, რაც ბაზარს აფუჭებს.
მისივე ინფორმაციით, დემპინგში დამნაშავე ყველა რგოლმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და აქცენტი არა ფასის კლებაზე, არამედ ხარისხზე უნდა გააკეთოს. სხვა შემთხვევაში, დაბალი ფასები, დაბალ ხარისხს გამოიწვევს.
„დემპინგში დამნაშავე მხოლოდ ერთი მომსახურების მიმწოდებელი არ არის. მოთხოვნა შემოდის დაბალ ფასზე. ამ დაბალ ფასიან მოთხოვნას იღებს ქართველი ტუროპერატორი, რომელიც სასტუმროსთან მიდის. ამ სასტუმროს გამოცხადებული აქვს X ფასი სხვა ტურისტული კომპანიებისთვის და რაღაცა კონკრეტული ჯგუფებისთვის ან სერიებზე ანახევრებს ფასს. ეს ფასი შემდეგ სხვა ტურისტულ კომპანიებშიც საზღვარგარეთ ვრცელდება, რომლებიც დაბალ ფასებს ითხოვენ და გამოცხადებული აქვთ ვაჭრობა, რომელი ტურისტული კომპანიაც მისცემს ნაკლებ ფასს. გადაგზავნიან ერთი და იგივე მოთხოვნას 5-10 კომპანიაში და 5-10-20 დოლარის დაკლებით, სერვისების მოკლების ხარჯზე საბოლოო ჯამში, დაბალ ბიუჯეტურ ჯგუფს ვიღებთ. ანუ, მივიღეთ ძალიან გაიაფებული მაღალი კატეგორიის სასტუმრო, რომელმაც ტურიზმის ხარისხი გააფუჭა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიღებთ მომხმარებელს, რომელიც ქვეყნიდან არც ისე კმაყოფილი მიდის. სამაგიეროდ, კომპანია, რომელიც კარგად გვევაჭრა, მან მეტი მოგება მიიღო”, – ამბობს მაია მურაჩაშვილი.
მისივე თქმით, დღესდღეობით არაერთი მაღალი კლასის სასტუმრო მინიმალურ მოგებაზე მუშაობს ან სრულიად კოტრდება. ჰოტელიერი ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებელია, როგორც ტუროპერატორებმა, ისე სასტუმროებმა შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ და პრობლემის აღმოსაფხვრელად კოლექტიურად იმოქმედონ.
მაია მურაჩაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონში, სადაც მისი სასტუმროები მდებარეობს, ფასები ზოგჯერ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულებას აჭარბებს, რაც ტურისტების ნაკადის შემცირებას იწვევს. თუმცა, როგორც ის ამბობს, მისი სასტუმროებიდან მომხმარებელი საბოლოოდ მაინც კმაყოფილი მიდის, რაც სერვისის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
“ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქვეყნების სტატისტიკა დაიდო, სადაც საქართველო მე-8 ადგილზეა. ჩემთვის, როგორც ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, ეს მაჩვენებელი ძალიან მძიმე სანახავი იყო.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტურისტული კომპანიები პარტნიორებს საზღვარგარეთ ისეთ ფასებს აძლევენ, რომ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა და თავად კომპანიები გადიან ზარალზე. ეს იმიტომ, რომ თავად შეაჩვიეს ასეთ ფასებს. ჩვენ რომ სხვა ქვეყანაში წავიდეთ, საკმაოდ ძვირი გვიჯდება. აი საქართველო ძალიან იაფი ღირს და ძალიან ცუდია ეს. სჯობს ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული, ვიდრე ფასის დაკლებაზე, რაც შემდგომში ხარისხზეც იმოქმედებს“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.