პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოიგებს.
„დიდი ალბათობით, ბატონი კახი კალაძე იქნება ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატი. თუმცა აქ არის პროცედურები, საბჭო, ის დაასახელებს როგორც იქნება. მგონია, რომ უკონკურენტო ვართ, მით უმეტეს, ამ პერიოდის განმავლობაში ვინმე თუ ორჭოფობდა ან ნეიტრალური იყო, კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ამ რადიკალებთან გაყოლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს არის გზა უფსკრულისკენ. იქ, სადაც ესენი იყვნენ წარმოდგენილი და მთელი მობილიზება ჰქონდათ, დამარცხდნენ. 64-ვე მუნიციპალიტეტს მოვიგებთ დამაჯერებლად. იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნება არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. არ ვართ იდეალურები, ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს, ძალიან ბევრი შეცდომაც დაგვიშვია. ამიტომაც არის, რომ გადახალისება მიდის გუნდის, გარკვეულ თანამდებობებზე მიდის ახალი სისხლი, ახალი მიდგომა, ახალი შემართებით და პრემიერ-მინისტრი არის ამის მაგალითი“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.