კვინპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ტარიფები აშშ-ის ეკონომიკას მოკლევადიან პერსპექტივაში ავნებს, 53% კი მიიჩნევს, რომ საზიანო ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გამოვლინდება. 41% მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ტარიფები აშშ-სთვის სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება თავად ტრამპს, Rasmussen Reports-ის ყოველდღიური გამოკითხვით, ინაუგურაციის შემდეგ მისი მოწონების რეიტინგი სტაბილურად აღემატებოდა 50%-ს, 3 აპრილიდან, უნივერსალური ტარიფების გამოცხადების დღიდან, შემცირება დაიწყო. ამჟამად დონალდ ტრამპის საქმიანობას უარყოფითად 51% აფასებს, დადებითად – 47%.
Harvard CAPS/Harris poll-ის თანახმად, ტრამპის მოწონების რეიტინგი ერთ თვეში 52%-დან 49%-მდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება უარყოფით შეფასებას, რაც გამოკითხულთა 46%-მა დააფიქსირა. იმავე კომპანიის კვლევით, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ ტრამპი უკეთესი პრეზიდენტია, ვიდრე ბაიდენი იყო – ეს მაჩვენებელი მარტის შემდეგ 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
Reuters/Ipsos-ის კვლევით, ტრამპის მოწონების რეიტინგი ორ კვირაში 3 პროცენტული პუნქტით, 45%-დან 42%-მდე შემცირდა.
მაღალ შეფასებას იმსახურებს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც დადებითად გამოკითხულთა 48% აფასებს, უარყოფითად კი – 44%. ამასთან, ტრამპის რუსეთისადმი მიდგომას გამოკითხულთა 48% არ ეთანხმება, უკრაინისადმი მიდგომას კი – 46%.
დონალდ ტრამპის შეფასება ყოველდღიურად იცვლება, სხვადასხვა ორგანიზაცია კი მონაცემების დასათვლელად განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. მასალაში მოცემული რიცხვები 2025 წლის 14 აპრილის მონაცემებს ეფუძნება.