ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი ქონების შეფასებამ 2025 წლის პიკური მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ $1 მილიარდით იკლო, ანუ ახლა, დონალდ ტრამპის ქონება ამერიკული Forbes-ის მიერ $4.1 მილიარდადაა შეფასებული.
პრეზიდენტის ქონების შემცირება იმ ვითარებას უკავშირდება, რომელსაც ბოლო დროს გლობალურ ბირჟებზე ვხვდებით. აშშ-ის მიერ 180-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შემდეგ, საფონდო, სასაქონლო და კრიპტობირჟებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი გავიდა, ხოლო აქტივები გაიაფდა.
კაპიტალის გადინება დონალდ ტრამპის აქტივებსაც შეეხო. მილიარდერი პრეზიდენტის პირადი ქონების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე მოდის, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ დააფუძნა, როცა ძირითადმა სოციალურმა ქსელებმა საკუთარ სერვისებზე წვდომა შეუზღუდეს. მას შემდეგ, Truth Social-ი საფონდო ბირჟაზე დაილისტა და დღემდე NASDAQ-ზე ივაჭრება. ბოლო ხუთ დღეში კომპანიის შეფასება 9.75%-ითაა შემცირებული, როცა წლის დასაწყისიდან დღემდე Truth Social-მა საბაზრო კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტი დაკარგა.