დონალდ ტრამპი FED-ის ხელმძღვანელს გადაყენებით ემუქრება

დონალდ ტრამპი FED-ის ხელმძღვანელს გადაყენებით ემუქრება
დონალდ ტრამპი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მუშაობით უკმაყოფილოა და უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გადადგომას ითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი შენელებულად და დაგვიანებით მოქმედებს, რადგან რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს და თუ მონეტარული პოლიტიკის შერბილება არ დაიწყო, დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს თანამდებობიდან გადააყენებს. შეუძლია თუ არა ეს პრეზიდენტს, საკამათოა, რადგან ამ მიმართულებით პაუელს აშშ-ის სასამართლო პრაქტიკა იცავს.

გასულ წელს, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეამცირა, მათ შორის სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტითაც, რაც საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯია. მიმდინარე წელს, ვითარება შეიცვალა, რაც, დიდწილად, თავად დონალდ ტრამპს და იმ გაურკვევლობას უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტის პოლიტიკამ მსოფლიოში წარმოშვა. ტარიფები დიდ ინფლაციურ რისკს წარმოშობს, რის გამოც FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით შერბილება, საკამათოა. შედეგად, განაკვეთი 4.25%-დან 4.50%-მდე შუალედში რჩება.

ის, რაც დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელზე თქვა, დიდწილად, იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც რამდენიმე დღით ადრე თავად FED-ის თავმჯდომარემ გაავრცელა. ჯერომ პაუელის თქმით, დონალდ ტრამპის ტარიფები პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და ინფლაციას დააჩქარებს. ეს ფედერალურ რეზერვს დიდი დილემის წინაშე დააყენებს, რადგან ერთი მხრივ, ინფლაცია იქნება დასაბალანსებელი, მეორე მხრივ კი, უმუშევრობა, რაც ამ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკისგან კარდინალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *