“დუშეფმა” ორი ფილიალი დახურა და ახალი საწარმო გახსნა

“დუშეფმა” ორი ფილიალი დახურა და ახალი საწარმო გახსნა

საკონდიტრო ბრენდმა „დუშეფმა“ ბიზნესმოდელის ცვლილების ფარგლებში სამი ფილიალიდან, ორი დახურა და ახალი საწარმო გახსნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ხათუნა ბაკურაძემ BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, ცვლილება B2B მიმართულებით გააქტიურებას უკავშირდება.

„შევჩენკოს ქუჩაზე მხოლოდ პირველი, ისტორიული ფილიალი დავიტოვეთ. ხოლო ორი ფილიალის დახურვა საჭირო გახდა იმისთვის, რომ დიდი საწარმო გაგვეხსნა, რაც წარმადობის ზრდას ხელს შეუწყობდა. ერთად თავმოყრილი სივრცე უკეთ კონტროლირებადია, რაც ხარისხსაც უზრუნველყოფს,“- ამბობს ბაკურაძე.

მისივე თქმით, ახალი საწარმო ვაჟა-ფშაველაზე მდებარეობს და უკვე შვიდ თვეზე მეტია ფუნქციონირებს. ხათუნა ბაკურაძის თქმით, სივრცე სრულად მისი ინვესტიციით მოეწყო და ამ ეტაპზე, 30-მდე ადამიანი ასაქმებს.

„ძირითადად ისეთ ბიზნესებთან ვმუშაობთ, რომლებიც სიახლეს ეძებენ. მხოლოდ ასეთი თანამშრომლობაა ჩემთვის საინტერესო, რადგან ეს სექტორის და ასორტიმენტის განვითარებას ხელს უწყობს,“- განმარტა „დუშეფის“ დამფუძნებელმა და დასძინა, რომ საწარმო თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის დანადგარებითაა აღჭურვილი. სამომავლოდ, პირველ სართულზე პურ-ფუნთუშეულის წარმოებაა დაგეგმილი, ხოლო საკონდიტრო მიმართულება მხოლოდ ევროპული ხაზით განაგრძობს მუშაობას.

„სტანდარტულ დესერტებზე უარს ვამბობთ – ქალაქში ისედაც ბევრია. ევროპული ხაზით დავიწყეთ ბაზარზე ოპერირება და ამ ხაზს მივყვებით. გვაქვს მუდმივად ცვალებადი და ასევე ექსკლუზიური ასორტიმენტი კომპანიებისთვის, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ.

ახალი საწარმოს ამოქმედებით, “დუშეფს” შესაძლებლობა გაუჩნდა, უთვალავი რაოდენობის დესერტი აწარმოოს და მსხვილი პროექტები განახორციელოს“, – აღნიშნა ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, “დუშეფი” ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ევროპულ, განსხვავებულ და კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *